რეპერსა და მუსიკალურ პროდიუსერს შონ კომბს (იგივე Puff Daddy, P. Diddy, Diddy) ყოფილი მეგობარი ქალი, მომღერალი კასანდრა ვენტურა (იგივე Cassie) გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ვენტურამ ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ქალის თქმით, კომბსმა ის გააუპატიურა, შემდეგ კი, 11-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, მასზე ფიზიკურად ძალადობდა და კაც სექსმუშაკებთან სექსს აიძულებდა. Cassie ასევე უჩივის კომბსის კომპანიებს Bad Boy Entertainment, Bad Boy Records, Epic Records, Combs Enterprises, Combs Enterprises LLC. როგორც ვენტურა ამბობს, კომპანიების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოაბრუნეს კომბსისგან გაქცევის შემდეგ.
საქმეში ასევე აღწერილია რამდენიმე ეპიზოდი, რომელშიც ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი ქალს არალეგალური იარაღის ჩანთით ტარებას და ნარკოტიკების მიღებას აძალებს. Cassie-ს თქმით, დაშორების შემდეგ, კომბსმა მისი ახალი მეგობარი კაცის, რეპერ Kid Cud-ის მანქანა ააფეთქა.
“მრავალწლიანი დუმილისა და წყვდიადის შემდეგ, მე საბოლოოდ მზად ვარ მოვყვე ჩემი ისტორია, სხვა ქალების სასარგებლოდ, რომლებიც ძალადობისა და ურთიერთობაში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლები არიან. მომეცა საშუალება ვილაპარაკო მოყენებულ ტრავმაზე, რომელისგან გამოჯანმრთელება ცხოვრების ბოლომდე მომიწევს”. – ამბობს Cassie.
რეპერის წარმომადგენლის, ადვოკატ ბენ ბრაფმანის თქმით, კომბსი ვენტურას ყველა ბრალდება უარყოფს:
“ჩემი კლიენტი უარყოფს ბრალდებას. გასული 6 თვის განმავლობაში, ბატონ კომბსს ბრალმდებელი $30 მილიონ დოლარს სთხოვდა, სანაცვლოდ იმისა, რომ არ დაწერდა წიგნს, რომელშიც ჩემი კლიენტის რეპუტაცია შეილახებოდა”.
კომბსმა და ვენტურამ ურთიერთობა 2007 წელს დაიწყეს. წყვილი 2018 წელს დაშორდა.