რუსეთის ტერიტორიიდან ახლოაღმოსავლელი და აფრიკელი მიგრანტების უკონტროლო შემოსვლის გახშირებული ფაქტების გამო, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვის მიერ ორკესტრირებულ “ჰიბრიდულ თავდასხმად” შეაფასა, ქვეყანა მზადაა მეზობელთან სახმელეთო საზღვარი სრულად ჩაკეტოს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაგნუს ცაჰკნამ NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩატარებულ სკანდინავიური და ბალტიკური ქვეყნების (NB8) შეხვედრაზე ისაუბრა.
“მიგრანტთა მზარდი კრიზისი მიუთითებს, რომ რუსეთი არამხოლოდ უკრაინაში ომობს, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.” – თქვა ცაჰკნამ შეხვედრის დასრულების შემდგომ.
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორი ლანამეცის თქმით, ფინეთის მიერ რუსეთის საზღვრის ჩაკეტვა მიგრანტთა რაოდენობის ზრდას სხვა ქვეყნების საზღვრებთან გამოიწვევს, რომლის გასამკლავებლადაც საჭიროა ქვეყანამ შესაბამისი გეგმა შეიმუშაოს.
ფინეთის საზღვრის დაცვის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ხშირად რუსული მხარე ეხმარებოდა არალეგალურ მიგრანტებს საზღვრის კვეთაში, ამასთანავე ისინი მიმართავდნენ გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ხერხსაც, რის შემდეგაც ფინური მხარის მიერ უკან გაბრუნებულ მიგრანტებს უკან, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აღარ შეეძლოთ.
მხოლოდ გასულ კვირას, ფინეთში რუსეთიდან არასათანადო დოკუმენტაციის მფლობელი 600 არალეგალი მიგრანტი შევიდა. მათ შორის ავღანეთის, იემენის, სომალისა და მაროკოს მოქალაქეები. ფინური მხარის ინფორმაციით, გაუგებარია რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხარდაჭერის გარეშე, როგორ აღმოჩნდნენ აღნიშნული პირები რუსეთის ტერიტორიაზე ან დატოვეს ის.
“რუსეთი მათ უფლებას აძლევს გამშვები პუნქტები შეუყოვნებლად გაიარონ, რაც მათ [არალეგალ მიგრანტებს] საშუალებას აძლევს აღმოჩნდნენ ჩვენს ტერიტორიაზე” – განაცხადა ლანამეცმა.
კრემლი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს, თუმცა აღნიშნულ ტაქტიკას რუსეთის მოკავშირე ბელარუსი ხშირად იყენებდა სირიის კრიზისის დროს პოლონეთისა და ლიტვის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, 2021 წელს ბელარუსულ მხარეს სირიიდან და ერაყიდან საჰაერო გზით გადმოჰყავდა არალეგალი მიგრანტები და შემდგომ ხელს უწყობდა მათ პოლონეთისა და ლიტვის გავლით აღმოჩენილიყვნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე.