გამოცემა Politico იუწყება, რომ მას შემდეგ რაც პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა გამოაქვეყნა გაფრთხილება, რის მიხედვითაც ვიქტორ ორბანის მთავრობა რუსეთს ინფორმაციას გადასცემს, ევროკავშირი უნგრეთს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, Politico ხუთ ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირს ახალ ბრალდებებზე არ ექნება ოფიციალური რეაგირება, რათა აირიდონ უნგრეთის არჩევნებზე შესაძლო გავლენა.
“ინფორმაცია, რომ ორბანის გუნდი მოსკოვს ევროსაბჭოს შეხვედრების დეტალებს გადასცემს, არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი,” – წერს ტუსკი X-ზე.
გამოცემა Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ევროპული საბჭოს შეხვედრებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა.
WP: უნგრეთის საგარეო მინისტრი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრებიდან ცნობებს აწვდიდა
Politico-ს ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, რომ ეჭვებმა, რომ უნგრეთი კრემლს სენსიტიურ ინფორმაციას უზიარებს გამოიწვია ის, რომ ევროკავშირის ლიდერები უფრო ხშირად იკრიბებიან “მსგავსად მოაზროვნე” მცირე ჯგუფებში, ვიდრე სრულ 27-წევრიან ფორმატში.
|საერთო ჯამში, “ნაკლებად ლოიალური წევრები” მთავარი მიზეზია, რატომაც მნიშვნელოვანი ევროპული დიპლომატია ახლა მცირე ფორმატებში მიმდინარეობს – E3, E4, E7, E8, ვაიმარი, NB8, JEF და ა.შ,” – განაცხადა მაღალჩინოსანმა.
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელ ლანდსბერგისმა გამოცემას განუცხადა, რომ ჯერ კიდევ 2024 წელს გააფრთხილეს უნგრეთის მხრიდან ინფორმაციის გადაცემის შესაძლო საფრთხეზე. ამის გამო, ის და მისი კოლეგები ცდილობდნენ, უნგრეთის წარმომადგენლების წინაშე ინფორმაცია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გაეზიარებინათ.
მისივე თქმით, 2023 წელს ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტზე, დიპლომატებმა ბუდაპეშტის დელეგაცია მგრძნობიარე მოლაპარაკებებიდან ფაქტობრივად გამორიცხეს.
უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა იანოშ ბოკამ ამ ცნობებს Politico-სთან “ფეიკ ნიუსი” უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, არჩევნების წინ ორბანის პარტია Fidesz-ის წარმატება შეაფერხონ.
მან ასევე უარყო Washington Post-ის სტატიაში წარდგენილი ბრალდებები მედია “აბსურდულ კონსპირაციულ თეორიებში” დაადანაშაულა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე ფართო თანხმობა არსებობს, Politico-სთან ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ლიდერების შეხვედრების შინაარსი ხშირად მაინც ხვდება მედიაში, თუმცა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა მტრულ სახელმწიფოსთან პოლიტიკურად ძალიან ფეთქებადსაშიშია.
“ის ფაქტი, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის ახლო მეგობარი, თითქმის წუთობრივად აწვდიდა ინფორმაციას რუსებს ევროკავშირის შეხვედრებიდან, არის პირდაპირი ღალატი. მან მხოლოდ საკუთარი ქვეყანის, არამედ ევროპის.” – განაცხადა უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა, პეტერ მადიარმა