სლოვაკეთის ეროვნული ბანკის მმართველი დამნაშავედ ცნეს ქრთამის აღებაში. საქმე ეხება მისი ფინანსთა მინისტრობის პერიოდს, როდესაც პიტერ კაჟიმირმა ფინანსური ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელს ფრანტიშეკ იმრეჩეს 50 ათასამდე ევროს ოდენობის თანხა მისცა. ინფორმაციაზე POLITICO საუბრობს.
გამოძიების თქმით, კაჟიმირმა იმრეჩეს ქრთამი რამდენიმე კომპანიის საგადასახადო პროცედურების შესახებ ცნობების მოპოვების მიზნით გადაუხადა. როგორც აღმოჩნდა, ფინანსთა მაშინდელი მინისტრი საკუთარი ახლობლის მფლობელობაში არსებული ბიზნესის გადარჩენას ცდილობდა.
სწორედ ამიტომ, სლოვაკეთის სასამართლომ ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი კორუფციაში ცნო დამნაშავედ და მას 200 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
შესაბამისი გადაწყვეტილება პიტერ პეზინკოს სისხლის სამართლის სპეციალიზებულმა სასამართლომ მიიღო. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, პიტერ კაჟიმირს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ.
რაც შეეხება სლოვაკეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პასუხს, ის მის წინააღმდეგ მიმართულ სასამართლო პროცესს უსაფუძვლოს და გაყალბებულს უწოდებს. პიტერ კაჟიმირი, ასევე, უარყოფს ვინმესთვის ქრთამის მიცემის საკითხს.