POLITICO-ს ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს ხელმძღვანელისთვის, შარლ მიშელისთვის მიწერილ წერილში უკრაინისადმი ევროკავშირის პოლიტიკის სრულ გადახედვას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორბანი უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ვეტოს დადებით იმუქრება.
“ევროპულმა საბჭომ უნდა შეაჯამოს უკრაინისადმი ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკის განხორცილება და ეფექტურობა, მათ შორის სხვადასხვა დახმარების პროგრამების”. – წერს ორბანი.
როგორც POLITICO წერს, ორბანის თქმით, წევრმა ქვეყნებმა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის, რუსეთისათვის დამატებითი სანქციების დაწესების ან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, სანამ ბრიუსელში დეკემბრის შუა რიცხვებში “სტრატეგიული დისკუსია” არ შედგება.
“ევროპულ საბჭოს უნდა ჰქონდეს პატიოსანი და ღია დისკუსია უკრაინაში ევროკავშირის სტრატეგიული ამოცანების მიზანშეწონილობაზე. […] ევროპული საბჭო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მიიღოს საკვანძო გადაწყვეტილებები უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების მიცემასა თუ დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფაზე, რომ მხარი დაუჭიროს ევროკავშირის სანქციების რეჟიმის გაძლიერებას ან შეთანხმდეს გაფართოების პროცესის მომავალზე, სანამ უკრაინის მიმართ ჩვენს სამომავლო სტრატეგიაზე კონსენსუსი არ მიიღწევა”. – წერს ორბანი.
POLITICO-ს ცნობით, ორბანმა ასევე თქვა, რომ გაუგებარია, რატომ უნდა გააგრძელოს ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა, როდესაც აშშ-მა შესაძლოა, ის არ გააგრძელოს.
“ამ ამოცანებს რეალისტურად მიღწევადად კვლავ მოვიაზრებთ? არის თუ არა ეს სტრატეგია შენარჩუნებადი აშშ-ის მყარი მხარდაჭერის გარეშე? შეგვიძლია, აშშ-ის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერა თავისთავად მოცემულობად მივიჩნიოთ? ომის შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა როგორ წარმოგვიდგენია?”. – წერს ორბანი.