ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე, 15-საათიანი დისკუსიების შემდეგ, ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით ევროს ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ამის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს საკითხის ერთობლივი სესხების საფუძველზე გადაწყვეტა, რომელიც უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს გაგზავნას ითვალისწინებს.
გამოცემა წერს, რომ გეგმა არ მოიცავს უნგრეთს, სლოვაკეთს და ჩეხეთს. გერმანია კი, რომელიც დიდი ხანია ეწინააღმდეგებოდა ამ ტიპის დაფინანსებას, ამ გეგმას დაეთანხმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის 2026-27 წლებში 90 მილიარდი ევროს დაფინანსების გამოყოფის შესახებ.




