Politico – გერმანიის მომავალ მთავრობას ვიქტორ ორბანის დასჯა სურს

გერმანიის მომავალ მთავრობას ვიქტორ ორბანის დასჯა სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანიის მომავალი კოალიციური მთავრობის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კოალიციას უნგრეთისთვის თანხების დაკავებისა და ხმის მიცემის უფლების დროებით შეჩერების მიზნით ევროკავშირზე ზეწოლის გაძლიერება სურს.
გამოცემა წერს, რომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკი – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) და მოსალოდნელი კოალიციური პარტნიორები „სოციალ დემოკრატები“ შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირს იმ წევრებისთვის, რომლებიც მთავარ პრინციპებს, მაგალითად კანონის უზენაესობას არღვევენ, თანხების შეკავება და ხმის უფლების დროებით ჩამორთმევა მოსთხოვონ.
„არსებული დამცავი ინსტრუმენტები, წესების დარღვევის პროცედურებიდან და ევროკავშირის თანხების დაკავებიდან დაწყებული და დამთავრებული წევრობის უფლებების შეჩერებით, როგორიც ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლებაა, უფრო თანმიმდევრულად უნდა იქნას გამოყენებული“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, Politico აღნიშნავს, რომ დოკუმენტში უნგრეთი პირდაპირ არ არის დასახელებული, თუმცა ნამდვილად უნდა იგულისხმებოდეს, რადგან უკანასკნელი რამდენიმე წელია მას დემოკრატიული ნორმების დარღვევაში, პრესის თავისუფლებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”