POLITICO: ბელარუსი, რომელიც ОДКБ-ში სომხეთის მოკავშირეა, აზერბაიჯანს იარაღს აწვდიდა

POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბელარუსი, რომელიც ფორმალურად სომხეთის მოკავშირეა, რამდენადაც ორივე ქვეყანა ს მიერ დომინირებული ОДКБ-ს წევრია, აზერბაიჯანს მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებას აწვდიდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტები მეტ ნათელს ჰფენს სომხეთის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიმდინარე კვირაში რუსეთის ირგვლივ შექმნილი ალიანსიდან გასვლა დააანონსა. POLITICO აღნიშნავს, რომ თუ სომხეთი ამ ნაბიჯს მართლაც გადადგამს, ეს დაასუსტებს ს ავტორიტეტს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.
POLITICO-ს ინფორმაციით, ბელარუსი აზერბაიჯანს შეიარაღებას 2018-2022 წლებში აწვდიდა, რამაც ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანულ მხარეს უპირატესობა მიანიჭა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბელარუსიც და სომხეთიც პოსტ-საბჭოთა სამხედრო ალიანსის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, რომელიც მოსკოვმა 2002 წელს ჩამოაყალიბა და თეორიულად, წევრ ქვეყნებს თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთის დაცვას ავალდებულებს.
მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ბელარუსის მიერ აზერბაიჯანისთვის გადაცემულ იარაღს შორისაა დრონის სისტემები, მოძველებული არტილერიის მოდერნიზებისთვის საჭირო მასალები და სხვა ტიპის ელექტრონული მოწყობილობები. POLITICO აღნიშნავს, რომ დოკუმენტები მოიცავს წერილებს ბელარუსის სახელმწიფო შეიარაღების სააგენტოდან, რომელიც იარაღის გადაცემის პროცესებს უკავშირდება.
საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა როგორც ბელარუსის, ასევე აზერბაიჯანის მთავრობამ.
სამხედრო ექსპერტების თქმით კი, რომლებსაც POLITICO ესაუბრა, ბელარუსისგან მიღებული შეიარაღება აზერბაიჯანმა ბოლო წლებში საბრძოლო მოქმედებებში არაერთხელ გამოიყენა. ამავეს მოწმობს გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიც.
ს რეგიონული ცენტრის დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის“ ანალიტიკოსი ედუარდ არაკელიანი POLITICO-სთან ადასტურებს, რომ დოკუმენტებში დასახელებული ტექნოლოგიები აზერბაიჯანმა ომში გამოიყენა:
„ამ შეიარაღებას გამანადგურებელი ეფექტი ჰქონდა სომხეთის ჯარზე და მიწოდებული იყო ისეთ ქვეყნიდან, რომელიც ერევნის მოკავშირე უნდა იყოს. ფორმალურად რომ ვთქვათ, ეს სრულად ანადგურებს კოლექტიური უსაფრთხოების ალიანსს, თუმცა პრაქტიკაში, ყოველთვის ცნობილი იყო, რომ ბლოკი აზერბაიჯანს უფრო უჭერდა მხარს,“ — აცხადებს სამხედრო ექსპერტი.
ამ თემაზე წაიკითხეთ: „ОДКБ-დან გავალთ. ჩვენ გადავწყვეტთ, როდის“ — ფაშინიანი
გუშინ, 13 ივნისს სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშიანმა განაცხადა, რომ მანამ, სანამ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოა, მინსკში ჩასვლას არ აპირებს:
„ОДКБ-ს ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერმა ღიად დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა ომის მომზადებაში და მხარს უჭერდა აზერბაიჯანის გამარჯვებას და ამის შემდეგ ბლოკის ფორმატში რაიმე განხილვაში უნდა მივიღო მონაწილეობა? ვაცხადებ, რომ აღარასოდეს ჩავალ ბელარუსში სანამ ლეკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტია და ვაცხადებ, რომ სომხეთის არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი ბელარუსში არ გაემგზავრება“ — თქვა ფაშინიანმა.