აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
რუსულმა ნავთობკომპანია „ლუკოილმა“ განაცხადა, რომ უცხოურ აქტივებს შვეიცარიულ კომპანიას მიჰყიდის.
კომპანიის განცხადების თანახმად, მისი უცხოური აქტივების შვეიცარიაში დაფუძნებული ენერგეტიკული სავაჭრო კომპანია Gunvor-ისთვის მიყიდვა „გარკვეული სახელმწიფოების მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებს“ უკავშირდება.
Politico-ს ცნობით, კომპანია Gunvor-ი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის გენადი ტიმჩენკოს მიერ არის დაფუძნებული. გამოცემა წერს, რომ ტიმჩენკომ კომპანიაში თავისი წილი 2014 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს.
შეგახსენებთ, „ლუკოილმა“ უცხოური აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა.




