გამოცემა Politico 17 დეკემბერს ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლები ამ შაბათ-კვირას ფლორიდის შტატში, მაიამიში გამართავენ შეხვედრას, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების გარშემო.
გამოცემის თანახმად, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. Politico წერს, რომ რუსეთის წარმომადგენელთა შორის იქნება კირილ დმიტრიევი – რუსეთის სახელმწიფო კეთილდღეობის ფონდის ხელმძღვანელი.
მიმდინარე კვირაში უიტკოფმა და კუშნერმა მონაწილეობა მიიღეს ბერლინში გამართულ მოლაპარაკებებში უკრაინის და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან, კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების, ტერიტორიული დათმობებისა და სხვა საკითხების შესათანხმებლად.
The New York Times-ის თანახმად, ბერლინში განხილული შეთანხმებები მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამომავლო აგრესიის აღკვეთას და ითვალისწინებს უკრაინის არმიის გაძლიერებას, ქვეყნის შიგნით ევროპის ძალების განთავსებას და ამერიკული დაზვერვის მონაცემების უფრო ფართოდ გამოყენებას. გამოცემა ადასტურებს მანამდე გავრცელებულ ცნობებს, რომ ეს გარანტიები ახლოსაა ვალდებულებებთან, რომლებსაც ითვალისწინებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი – თუმცა მათი პირობაა, უკრაინის მხრიდან ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა.




