POG: 653 181 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 653 181 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 30 იანვარს, შპს კავკასიის სატრანსპორტო კომპანია 2019 დააფუძნა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, კომპანიის სახელით, ინტერნეტ სივრცეში ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. ბრალდებულმა მოქალაქეებთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, შერჩეული ავტომანქანების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულება აიღო. ამ გზით ბრალდებული 653 181 ლარის ოდენობით თანხას დაეუფლა, რის შემდეგაც მიიმალა”. – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურისვე ცნობით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა ბრალდებულს, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ღონისძიებების ჩატარება გრძელდება.