მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2022-ის პირველადი ანგარიშის თანახმად, 2018 წელთან შედარებით 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევა მათემატიკაში შემცირდა 8 ქულით, კითხვაში – 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით – სქესის მიხედვით გოგონების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს.
შესაბამისი კვლევის შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პირველადი ანგარიშის მიზანი PISA 2022 წლის ციკლში საქართველოს 15 წლის ასაკის მოსწავლეების შედეგების გაცნობაა კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სფეროებში.
„საქართველოს მოსწავლეები 2022 წელს მათემატიკაში წარმოდგენილნი არიან 390 ქულით, კითხვაში – 374 და საბუნებისმეტყველო საგნებში – 384 ქულით. საშუალო მიღწევის მოკლევადიანი ანალიზის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში – 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით. არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
PISA 2022 წლის მონაცემებით, მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალოზე (OECD-ის საშუალო: 69%). კითხვაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს (OECD-ის საშუალო: 74%), ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში დაახლოებით 35%-მა (OECD-ის საშუალო: 76%)“,- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
რაც შეეხება შედეგებს სკოლის ტიპის, ადგილმდებარეობის, ტესტის ენისა და მოსწავლის სქესის მიხედვით, ანგარიშის თანახმად, სკოლის ტიპის (კერძო-საჯარო) მიხედვით PISA 2022 წლის შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში (კერძო – 445, საჯარო – 384), ასევე კითხვასა (კერძო – 426, საჯარო – 369) და საბუნებისმეტყველო საგნებში (კერძო – 436, საჯარო – 379).
„სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, PISA 2022-ში მათემატიკაში მაღალი შედეგებით გამოირჩევიან თბილისის მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ (344 ქულა). მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც;
PISA 2022 წლის შედეგებით, საქართველოში ბიჭები (387 ქულა) და გოგონები (393 ქულა), საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს. კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს (გოგონა – 392 ქულა, ბიჭი – 357 ქულა). საბუნებისმეტყველო საგნებში გოგონებმა 14 ქულით მეტი (391 ქულა) მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა (377 ქულა);
საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით გოგონების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს. საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, ბაქოს (აზერბაიჯანი), დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს და კიდევ 6 სხვა ქვეყანას;
საქართველოში მიღწევის დონეების მიხედვით, მათემატიკაში დაბალი მაჩვენებლების წილი მსგავსია ბიჭებსა (67%) და გოგონებში (66%). თუმცა, კითხვაში ეს წილი უფრო დიდია ბიჭების შემთხვევაში (გოგონები 59% და ბიჭები 74% კითხვის მე-2 დონეს ქვემოთ). რაც შეეხება უმაღლესი შედეგების მქონე მოსწავლეებს, მათემატიკაში ბიჭების (1%) და გოგონების (1%) წილი მსგავსია;
ტესტის შესრულების ენის მიხედვით შეფასების სამივე სფეროში 2015-2022 წლებში სტატისტიკურად მაღალ შედეგებს აჩვენებენ ქართულენოვანი და რუსულენოვანი სკოლების მოსწავლეები. PISA 2022 წლის მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ ორი ჯგუფის შედეგებს. ქართულენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს შორის მათემატიკაში სხვაობა 73 ქულაა, კითხვაში – 80, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 81 ქულა“,- ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება კვლევის შედეგებს PISA-ს სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის მიხედვით, საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 7.3% იყო PISA-ს სოციო-ეკონომიკური სკალის ქვედა მეხუთედში რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შედიოდნენ ყველაზე შეჭირვებულ მოსწავლეთა შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2022 წლის ციკლში.