„Pisa-ს ახალი არაფერი არ უთქვამს, კვლევამ გაამყარა ის ინფორმაცია, რაც ისედაც გვქონდა“ – ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „განათლების უფლება“ განათლების მკვლევარმა ნათია მჟავანაძემ ისაუბრა. რომელმაც PISA-ს კვლევის შედეგები და განათლების სისტემაში არსებული გამოვევები შეაფასა. მისი თქმით შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ რეფორმებს და მიდგომებს შედეგი არ მოაქვს და განათლების სისტემა მზარდად უთანასწოროა.
„თანასწორობა პიზას შემთხვევაში განიმარტება როგორც ინკლუზია და სამართლიანობა ინკლუზია გულკისხმობს არა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ჩართულობას, არამედ სხვადასხვა ჯგუფის, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ბავშვის ჩართულობას და თანაბარ მონაწილეობას. მეორეს მხრივ სამართლიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი, რომელიც ამბობს, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში არსებობს უნდა იყოს ყველასთვის სამართლიანი,მიუხედავად მათი ოჯახური მდგომარეობისა და სტატუსისა.
ამ მხრივ ჩვენ ვართ ყველაზე უთანასწორო ქვეყანა და სწორედ ამ ნიშნით 65 ქულა არის სხვაობა. უთანასწორო ქვეყნების მიხედვით საშუალო ქულაში სხვაობა მერყეობს 55 ქულიდან 95-მდე, არიან ჩვენზე უფრო უთანასწორო ქვეყნებიც, თუმცა 65 ქულა საკმაოდ დიდია და არაფერი სასიხარულო არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვები რომლებიც სწავლობენ საჯარო, ან კერძო სკოლებში არ მიუწვდებათ ხელი ხარისხიან განათლებაზე, რაც ქულებში აისახება. ასევე ძალიან დიდი განსხვავებაა სოფლად და ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს შორის და ეთნიკური უმცირესობების მიმართულებითაც.“ – აღნიშნა ნათია მჟავანაძემ.
რაც შეეხება კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობას მჟავანაძე აღნიშნავს, რომ სხვაობა ძალიან დიდია, თუმცა საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ – ეკონომიკურ სტატუსს და მნიშვნელოვანია პროცესში მშობლების ჩართულობა.
„განსხვავება ქვეყნის შიგნით ძალიან დიდია, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ კერძო სკოლები იძლევიან იმ განათლებას რასაც მაღალი ეკონომიკური კეთილდღეობის ქვეყნები. მიუხედავად იმისა თუ სად ცხოვრობს, რა ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება ბავშვი ჩვენი სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და ხელმისაწვდომი და სახელმწიფოს ფუნქციაა, რომ შესთავაზოს მას მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რადგან სწორედ ამაზეა დმოკიდებული არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ქვეყნის მომავალიც. ეს სხვაობები ასევე გვაჩვენებს იმასაც, რომ კერძო სკოლებიც ვერ აძლევენ იმ განათლებას ბავშვებს, რაც თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა ნათია მჟავანაძემ.
მჟავანაძის განმარტებით, იმაში, რომ მოწინავე ქვეყანას დავეწიოთ ბევრი ფაქტორი გვიშლის ხელს, მისივე თქმით კოვიდ პანდემიამ სექტორი განსაკუთრებით უკან დაეწია და კვლევებმა აჩვენა, რომ სისტემას დიდი უკუსვლა ჰქონდა.
„მნიშვნელოვანია გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, თუმცა ერთ-ერთი რომელიც 2022 წელსაც გამოიკვეთა არის კვების პრობლემა, აღმოჩნდა რომ მოზარდების 8%-ს სასკოლო კვებაზე ხელი არ მიუწვდება, 20%-ს კვირაში ერთხელაც კი არ შეუძლია საკვების შეძენა, რაც განათლების კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ფაქტორია მასწავლებლის და სწავლების ხარისხი, თუმცა სკოლის ავტონომიურობა მნიშვნელოვან კომპონენტად სახელდება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც თუ რამდენად ინტერესდება მშობელი და რაში გამოიხატება ეს ინტერესი.
Pisa-ს კვლევის მიხედვით ძალიან ბევრი საშინაო დავალება უკუშედეგს იძლევა მათემატიკაში,მაგალითად კვირაში 2 საათზე მეტი საშინაო დავალება არ ასოცირდება კარგ შედეგთან, ასევე მნიშვნელოვანია მშობლის თანამშრომლობა სკოლასთან. კოვიდმა აჩვენა, რომ მშობლებს არ აქვთ ერთიან სისტემა სკოლასთან ურთიერთობაში. ძირითადი რესურსი არის დამრიგებელი, რომელიც არაეფექტურია.“ – აღნიშნა ნათია მჟავანაძემ.
მჟავანაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სივრცე სადაც ბავშვი ატარებს დროს მინიმუმ საბაზისო მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, სკოლაში ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ და არ უნდა იყვნენ ძალადობის მსხვერპლები და სივრცე უნდა იყოს სასიამოვნო სადაც ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს.
