სამოსისა და აქსესუარების ყიდვა-გაყიდვის ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა Phubber ახალი ბაზრების ექსპანსიას აგრძელებს. სომხეთსა და აზერბაიჯანში სტარტაპის გაშვების შემდეგ დამფუძნებლები 2024 წელს ყაზახეთსა და უზბეკეთში შესვლას გეგმავენ. კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ ამ ქვეყნებში კომპანიები უკვე დარეგისტრირებულია, ასამოქმედებლად კი ხელსაყრელ დროს ელიან.
„ზუსტად ვიცით, რომ 2024 წელს ამ ორ ქვეყანაში შევალთ, რადგან იქ პოტენციალს ვხედავთ და ამ ბაზრებზე კონკურენცია დაბალია. მსგავსი პლატფორმა იქ არ არის.
კომპანიებიც დარეგისტრირებული გვაქვს, უბრალოდ გვინდა სომხეთ – აზერბაიჯანში ფეხი მოვიკიდოთ. ბაზრებზე შესვლას დაახლოებით მეორე კვარტალისთვის ვგეგმავთ“, – ამბობს გიორგი ჩუგოშვილი და დასძენს, რომ ცენტრალური აზიის კომპანიების ასათვისებლად ჯამში 600 – 700 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა #რედაქტ2-ში სტუმრობისას.
ცენტრალური აზიის ქვეყნების შემდეგ სტარტაპი ევროპის მასშტაბით ექსპანსიისთვისაც ემზადება, თუმცა გიორგი ჩუგოშვილი ჯერ ვერ აკონკრეტებს როდის და რომელი ქვეყნით დაიწყება პროცესი. ის განმარტავს: „მსგავსი პლატფორმები არის ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა ჩვენ იმდენად დარწმუნებულები ვართ ჩვენ მიერ შექმნილ პროცესებსა და პროდუქტში, რომ ვიცით ის არაფრით ჩამოუვარდება იმ ბრენდებს, რომლებიც გლობალურ ბაზარზე დომინირებენ. არ არის გამორიცხული რომ 2024 წელს ჩვენი ძალები ევროპაშიც ვცადოთ. ზუსტად ახლა იმის თქმა, საიდან დაიწყება ბაზარზე შესვლა – რთულია.
ევროპაში იქნება ეს თუ სხვა რეგიონებში, ჩვენ იმ ბაზრებს ვეძებთ, სადაც სამი ძირითადი პარამეტრი იქნება დაცული. მომხმარებლის კულტურული მზაობა, მოდით მაღალი დაინტერესება და განვითარებული მოდის ინდუსტრია და დაბალი კონკურენცია. ამ პარამეტრების მიხედვით ვარჩევთ ბაზრებს“.
ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინვაჭრობის პლატფორმა Phubber ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა. პლატფორმის მთავარი თავისებურება საერთაშორისო ბრენდული ტანსაცმლის გადაყიდვაა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, წარმოების მდგრადი მიზნებიდან გამომდინარე, გლობალურად მოდის სამყაროს მნიშვნელოვან ტენდენციად იქცა.
სტარტაპი 4 წლის წინ 15 000 დოლარის ინვესტიციით ბიზნესპარტნიორებმა ანანო დოლაბერიძემ და გიორგი ჩუგოშვილმა დააფუძნეს, რომელიც დღეისთვის უკვე 215 000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. დაფუძნებიდან მალევე Phubber-მა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაფართოება დაიწყო და ქართული ბაზარზე დაგროვილი გამოცდილება პირველად უკრაინას გაუზიარა. თუმცა 2022 წელს უკრაინაში დაწყებულმა ომმა, სტარტაპის ბიზნესგეგმა შეცვალა. მიუხედავად ამისა Phubber-ს ბაზარი არ დაუტოვებია და ოპერირებას აგრძელებს.
ბაზრების ექსპანსიის სტრატეგიაში შემდეგი ნაბიჯი სომხეთი და აზერბაიჯანი იყო, სადაც Phubber 2023 წელს შევიდა. ქართველი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოზიდული ინვესტიციითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების საშუალებით, რამაც ჯამში 1.5 მლნ დოლარი შეადგინა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განვითარების შედეგად სტარტაპის ღირებულებამ, დღეისთვის 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
თუმცა დამფუძნებლები, ინვესტორებთან ერთად მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და ტექნოლოგიური სტარტაპის ზრდის გრძელვადიან სტრატეგიას სახავენ, რომლის მიხედვით, “ფაბერი” შემდეგი 2 წლის განმავლობაში კიდევ 2 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. შედეგად კომპანიის ბრუნვამ, 2028 წლისთვის, მათ შორის ახალი ბაზრების ათვისებით, 86 მილიონს დოლარს უნდა გადააჭარბოს.