PHR: ქალებზე ძალადობა არა ცალკეული პოლიციელების დანაშაული, არამედ რეპრესიული სისტემის სტრატეგიული ინსტრუმენტია

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას დაკავებისა და პოლიციელების მხრიდან მასზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს. ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავების მხრიდან ქალების ღირსების შემლახავი მოპყრობა არა ცალკეული ინდივიდების დანაშაული, არამედ სისტემური მიდგომაა.
PHR ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთმა ქალმა ისაუბრა პოლიციელების მხრიდან სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის, მათ შორის, იძულებითი, უკანონო გაშიშვლების შესახებ.
“ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის გაზრდილი შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი დაკავებულები არიან ან მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობენ, წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას […] ქალთა მიმართ ძალადობა არა მხოლოდ ცალკეული სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულია, არამედ ის პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება, როგორც რეპრესიული სისტემის სტრატეგიული ინსტრუმენტი. იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები იყენებენ სექსუალური ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკას, მათი მიზანი ხშირად არ არის მხოლოდ კონკრეტული პირის დასჯა, არამედ გაცილებით ფართო სოციალური ეფექტის მიღწევა – პროტესტის ჩახშობა, ქალების დაშინება და მათთვის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტიურობის სარისკოდ გამოცხადება.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ სექსუალური შევიწროება და ღირსების შელახვა ხშირად მიზანმიმართულად ხორციელდება ქალ აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ, რაც აჩვენებს, რომ სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია სამართალდამცავი სისტემის პრაქტიკაში მკვიდრდება. ასეთ ვითარებაში პოლიცია კარგავს თავის თავდაპირველ ფუნქციას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციას და მას პოლიტიკური რეჟიმის ინტერესების გამტარ, რეპრესიულ და სადამსჯელო ინსტრუმენტად აქცევს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილის მესამე აქტია ახალი სათაურით, ძველი თემებით, თუმცა მას რა მოწოდებაც არ უნდა გაეკეთებინა, მხარდაჭერა სჭირდებოდა და ვინ იყო მისი მხარდამჭერი?