პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება მიზნად ისახავს მისი დისკრედიტაციის მცდელობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, მიჩნეულია წამებად.
PHR ამ განცხადებით ტელეკომპანია იმედს ეხმაურება და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია ტვ იმედის სათაურზე, თითქოს ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მითითებაა მის “ფსიქოლოგიურ არამდგრადობაზე”.
“2019 წელს გაცემულ დოკუმენტში მკაფიოდ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მალთაშუა დისკის დაზიანება, რადიკულოპათია, მალთაშუა დისკის თიაქარი. ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებსა და ტკივილის ინტენსივობამ იმატა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული დიაგნოზის და მწვავე ტკივილების თანხმლებად მითითებულია, რომ ნინოს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა.
ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი. ის არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან.
აღნიშნული ფაქტი არის მიზანმიმართული ბრძოლა აქტივისტების წინააღმდეგ. ამ უკიდურესად უკანონო მეთოდის გამოყენება შეუძლიათ ყველას შემთხვევაში, რადგან ნებისმერ ადამიანს შეიძლება ქონდეს ემოციური ლაბიობა, რაიმე გარემოფაქტორების ზემოქმედებიდან გამოდინარე.
ნინო დათაშვილისთვის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება მიზნად ისახავს მისი დისკრედიტაციის მცდელობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, მიჩნეულია წამებად.
მოვუწოდებთ ტელეკომპანია იმედს, თავი შეკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.
PHR აღნიშნულ დოკუმენტს აქვეყნებს ნინო დათაშვილის გადაწყვეტილებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.