ბოსნიასთან მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში დამარცხება, იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ მტკივნეულად განიცადა და დასამშვიდებელი გახდა.
პენალტების სერიისას ის მეტოქე გუნდის მეკარე ნიკოლა ვასილთან მივიდა და შეეცადა ფურცელი დაეხია, რომელზეც მინიშნებული იყო, რომელ კუთხეში დაურტყამდნენ იტალიელები სავარაუდოდ ბურთს. ამას შეხლა-შემოხლა მოჰყვა და ვასილს მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.
დონარუმა გაღიზიანებული იყო და აგრესიულად იქცეოდა, ბოსნიელ ფეხბურთელებთან ჯენის ბურნიჩთან და კერიმ ალაიბეგოვიჩთან კონფლიქტი მოუვიდა და ედინ ჯეკო და სანდრო ტონალი ამშვიდებდნენ.
ნამატჩევს ჯანლუიჯიმ კომენტარი გააკეთა: „თამაშის დასრულების შემდეგ ვტიროდი, რადგან ვერ გავიყვანე გუნდი იქ, სადაც გასვლას იმსახურებდა. ახლა ჩემს სიტყვებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი ხელახლა უნდა დავიწყოთ. ერთად“.
იტალია ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ბოსნია კი მეორედ იასპარეზებს – პირველად 2014 წელს ბრაზილიაში მიიღეს მონაწილეობა და ჯგუფში ჩარჩნენ.