Philips Epiq CVx 3D-ის ახალმა ფუნქციებმა შესაძლებელი გახადა გულ-სისხლძარღვთა სისტემის კვლევის დაჩქარება და ხარისხის გაუმჯობესება – ირინა ჟორჟოლიანი

„კარდიოლოგიური ულტრაბგერითი სისტემა – Philips Epiq CVx 3D შექმნილია მიზანმიმართულად კარდიო-ვასკულარული ულტრაბგერითი კვლევებისთვის. მასში გამოყენებულია სპეციალიზებული ინტერფეისი, სადაც აქცენტირებულია მხოლოდ კარდიო-ვასკულარული ფუნქციები. ამ სიახლემ შესაძლებელი გახადა, სხვა ფუნქციებით გადატვირთვის გარეშე, კვლევის დაჩქარება და ხარისხის გაუმჯობესება“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმმა რადიოლოგმა და კარდიოლოგმა, ირინა ჟორჟოლიანმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ახალ აპარატში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი, რაც კარდიო-ვასკულარული კვლევებისას საჭირო მრავალი სხვადასხვა გამოთვლისა და შეფასების ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ რეჟიმში ჩატარების საშუალებას იძლევა.
„კომერსანტი“ ირინა ჟორჟოლიანს Philips Epiq CVx 3D-ის აპარატზე, მის შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე ესაუბრა.
რა უპირატესობა აქვს ახალ აპარატ Philips Epiq CVx 3D-ს სტანდარტული კარდიოლოგიური ულტრაბგერითი აპარატისგან განსხვავებით?
Philips Epiq CVx 3D შექმნილია მიზანმიმართულად კარდიო-ვასკულარული ულტრაბგერითი კვლევებისათვის. მასში გამოყენებულია სპეციალიზებული ინტერფეისი, სადაც აქცენტირებულია მხოლოდ კარდიო-ვასკულარული ფუნქციები, რამაც შესაძლებელი გახადა, სხვა ფუნქციებით გადატვირთვის გარეშე, კვლევის დაჩქარება და ხარისხის გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ უფრო ხანმოკლე კვლევის საშუალებით სარწმუნო დიაგნოსტიკა კომფორტულია როგორც ექიმისთვის, ასევე პაციენტისთვის.
აპარატის გამომთვლელ-ანალიზური სისტემის მაღალი სიმძლავრე და ვიზუალიზაციის გაუმჯობესებული ხარისხი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის კვლევის სფეროში დიაგნოსტიკის მაღალ დონეზე ჩატარების საშუალებას იძლევა.
ასევე, აღსანიშნავია მაღალი გარჩევადობის 21-ინჩიანი OLED ეკრანი, აპარატის სიმსუბუქე, მარტივი ოპერაციული სისტემა და ა.შ.
დამატებით რის საშუალებას აძლევს ექიმს სამგანზომილებიანი ფოტორეალისტური კვლევის ჩატარება?
თანამედროვე კარდიოლოგიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა 3D ექოკარდიოგრაფიამ, განსაკუთრებით კარდიოქირურგიისთვის და ინტერვენციული კარდიოლოგიისთვის.
რამდენიმე რეფერენსული წერტილის აღნიშვნისა და სპეციალური პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია გულის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა და გულის კუნთის შიდა და გარე შრის, სისხლძარღვების და გულის სარქველების შეფასება სამ განზომილებაში, სხვადასხვა კუთხით და სიღრმით. ამგვარად შეფასებული გულის კუმშვადობის ფუნქცია, ასევე სარქვლოვანი აპარატის სტრუქტურული და ჰემოდინამიკური პათოლოგიები-შევიწროება, თუ ნაკლოვანება, ბოლო წლების გაიდლაინებით, კარდიოლოგიური ასოციაციების სარწმუნო და აუცილებელ სტანდარტად მიიჩნევა.
Philips Epiq CVx 3D აპარატით სხეულის რა ზონების კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი?
როგორც აღვნიშნეთ, აპარატი მიზანმიმართულად შექმნილია კარდიო-ვასკულარული კვლევებისათვის. ამდენად, შესაძლებელია მისი საშუალებით გულის კვლევის ჩატარება, ასევე აორტის, თავის ტვინისა და კისრის სისხლძარღვების, პერიფერიული (კიდურების) მაგისტრალური არტერიების და ვენების, თირკმლის არტერიების დუპლექს სკანირება, აღნიშნულ სისხლძარღვთა სანათურის, კედლებისა და მათში სისხლის ნაკადის შეფასება.
რა დაავადებების გამოვლენაა შესაძლებელი ამ ახალი აპარატით?
მისი საშუალებით დიაგნოსტირდება გულის დაავადებები, მაგალითად: გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, ჰიპერტონული დაავადება, გულის ანთებითი დაავადებები, სარქვლოვანი პათოლოგიები, ასევე, აორტის ანევრიზმა, პერიფერიული არტერიების იშემიური დაავადება, საძილე არტერიების ათეროსკლეროზი, ღრმა და ზედაპირული ვენების თრომბოზი, ვარიკოზული დაავადება, ვენური სარქვლოვანი უკმარისობა და ა.შ.
რატომაა მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის ადრეული დიაგნოსტიკა?
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება და შემდგომ დროული ადეკვატური მკურნალობა ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას, ან მდგომარეობის გაუმჯობესებას, რიგ შემთხვევებში თავიდან გვაცილებს საკმაოდ რთულ, შესაძლოა ფატალურ გართულებას. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება როგორც კარდიოლოგიური,ასევე ანგიოლოგიური პრაქტიკიდან,მაგალითად: სისხლძარღვოვანი დაავადებები: აორტის ანევრიზმა, საძილე არტერიების მნიშვნელოვანი ათეროსკლეროზი, ათეროსკლეროზით ან შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული პერიფერიული არტერიების დაავადებები და ა.შ. მათი დაგვიანებული დიაგნოსტირება საკმაოდ სავალალო შედეგებს იწვევს.
ვის და რა შემთხვევაში ურჩევთ ამ კვლევის ჩატარებას?
საერთოდ, აღნიშნული აპარატით კვლევა, პირველ რიგში, მიზანშეწონილია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ჩივილების მქონე პაციენტებისთვის, ან ისეთი უსიმპტომო პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ აღნიშნული დაავადებებით გართულების განვითარების მაღალი რისკი. ასეთია, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები, მათ შორის ქიმიოთერაპიით მკურნალობის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ და ა.შ.
ამჟამად ეს კვლევები პირველი რიგის კვლევებად მიიჩნევა და მას პირველივე ვიზიტზე ურჩევენ როგორც კარდიოლოგები და ანგიოლოგები, ასევე, ოჯახის ექიმები და სხვა სპეციალობის ექიმები.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს პრევენციული კვლევის როლიც. არსებობს მრავალი უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადება, თვალსაჩინო რისკ-ფაქტორების არსებობის გარეშეც კი, რომელიც სწორედ სკრინინგული კვლევებისას დიაგნოსტირდება.