Pfizer-ი ჭარბი წონის სამკურნალო აბების კვლევას აჩერებს – მიზეზი ღვიძლის დაზიანების საფრთხეა.
ფარმაცევტული გიგანტი Pfizer-ი გეგმავდა თავისი პრეპარატის კვლევის ახალ ეტაპზე გადატანას, თუმცა ეს გეგმები მას შემდეგ გადაიდო, რაც კლინიკურ კვლევებში მონაწილე პაციენტს ღვიძლის დაზიანება აღენიშნა და ექიმებმა ივარაუდეს, რომ ეს ცვლილელები პრეპარატის მიღებას უკავშირდება.
ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ექსპერიმენტული პრეპარატი დანუგლიპრონი დღეში ერთხელ მიიღება, თუმცა ახლა მკვლევრები პაციენტებისთვის ოპტიმალური დოზის განსაზღვრაზე მუშაობენ.
Pfizer-ი აპირებდა, მედიკამენტი ტესტირების გვიანდელ სტადიაზე გადაეყვანა, რომელიც, როგორც წესი, გამოცდის ბოლო, ყველაზე ძვირად ღირებული საფეხურია მანამდე, ვიდრე კომპანია მას სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს.
Pfizer-ი გეგმავს, ჭარბი წონის სამკურნალო სხვა მეთოდებიც შეიმუშაოს, რომლებიც ტესტირების ადრეულ ეტაპზეა.
ფარმაცევტული კომპანიებისთვის სიმსუქნის მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მომგებიანი სექტორია. მაგალითად, კომპანია Eli Lilly-ს Zepbound-ი, რომლის გაყიდვებიდანაც მწარმოებელი 2024 წლის მონაცემებით (რომელიც პრეპარატის ბაზარზე არსებობის პირველი სრული წელიწადია), 5 მილიარდი დოლარის მიღებას ვარაუდობს.
მკურნალობის წამყვანი მეთოდები, როგორიცაა Novo Nordisk-ის Zepbound და Wegovy, ინექციის საშუალებით კეთდება. ამიტომ მწარმოებლები ცდილობენ ისეთი პრეპარატების შექმნას, რომელთა მიღება უფრო მარტივადაა შესაძლებელი. ეს იმ პაციენტებისთვის კეთდება, რომლებსაც ინექციების კეთება არ სურთ.
ახლახანს Lilly-მ და Novo-მ განაცხადეს ფასების შემცირების შესახებ, თუმცა ჭარბი წონის მკურნალობისთვის საჭირო თვიური დოზები ჯერ კიდევ ასობით ევრო ჯდება.
