აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, საქართველოში არსებობის ხანმოკლე, მაგრამ დინამიკური განვითარების ისტორია აქვს.
დღეს ქართულ ბაზარზე აზიური კულინარია – სტანდარტული სწრაფი კვებიდან ორიგინალური კონცეფციის რესტორნებამდე – უხვადაა წარმოდგენილი. აზიური კერძებით უბრალოდ წახემსება თუ მათი მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილად ქცევა, თბილისში იოლად შეიძლება, თუმცა რესტორან Pepperboy-ს ამ მრავალფეროვნებაშიც გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.
უმთავრესი მაინც რესტორნის გასტრონომიული კონცეფციაა. Pepperboy პანაზიური რესტორანია და მენიუს გეოგრაფიული, კულტურული თუ საგემოვნო მრავალფეროვნება აზიური კერძების ყველაზე მომთხოვნ და გამოცდილ მოყვარულებსაც, ორიგინალური გადაწყვეტებით და მუდმივი სიახლეებით აკვირვებს. პანაზიური გულისხმობს არა აზიის რომელიმე ქვეყნის ეთნიკურ სამზარეულოს, არამედ მენიუს, რომელიც აერთიანებს კერძებს აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ესენია: იაპონია, კორეა, ტაილანდი, ჩინეთი და სხვა.
Pepperboy ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა, როგორც პანაზიური კულინარიის პიონერი. მან, მანამდე უცნობ კერძებთან და კულტურებთან ზიარებით, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ერთ სივრცეში თავმოყრით, განსხვავებული კულინარიული გამოცდილების შექმნა შეძლო.
თინა ხაფავასთვის რესტორანი გახსნისთანავე საყვარელ ადგილად იქცა, რომელსაც მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა. პანდემიამ მთელი კულინარიული ინდუსტრია დააზარალა და გამონაკლისი არც Pepperboy აღმოჩნდა. სწორედ პანდემიის პერიოდში გაიცნო თინამ რესტორნის დამფუძნებელი და შეფი ანა დონდუა და ზუსტად მაშინ გაჩნდა Pepperboy-ს ბაზარზე დაბრუნების იდეა.
„ეს ყველაფერი იოლი არ იყო. გახსნას წინ ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. სწორედ ეს დრო დასჭირდა კონცეფციის და მენიუს განახლებას, რებრენდინგს, დიზაინის და, რაც მთავარია, ინვესტიციის მოძიებას. 2018-ში გახსნილ რესტორანს სამზარეულოს მრავალფეროვანი და მდიდარი კონცეფცია გამოარჩევდა.
პარტნიორებმა, დიდი ფიქრის და მსჯელობის შედეგად, გადაწყვიტეს ახალ რესტორანს ბარის და კერძოდ მიქსოლოგიის კონცეფციაც ასეთივე მრავალფეროვანი ჰქონოდა და რესტორნის სტუმრებისთვის, სასმელების შემთხვევაშიც, გასტრონომიული გამოცდილების მთელი პალიტრა შეეთავაზებინათ.
დამფუძნებლებმა ოქროს შუალედის პოვნა მოახერხეს – მათ განაახლეს კონცეფცია და თავიანთი ხელწერა კიდევ უფრო მკაფიო გახადეს, როგორც სამზარეულოს მიმართულებით, ისე ბარის მრავალფეროვანი შეთავაზებებით და უნიკალური კოქტეილებით. რა თქმა უნდა, ბრენდის ფილოსოფია კვლავ უცვლელი რჩება და დამფუძნებლებიც და სრულიად „ფეფერბოის“ გუნდიც ბრენდის ცენტრალურ იდეას ერთგულად ემსახურება. „ფეფერბოი“ ცდილობს მის სტუმრებს შესთავაზოს დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება გამორჩეული და საინტერესო კულინარიული და მიქსოლოგიური გადაწყვეტებით, განსხვავებული და მეგობრული მომსახურებით და გარემოთი.
„ჩვენ მუდმივად საკუთარ თავზე ვმუშაობთ, გვსურს, რომ ყოველი სტუმრის ვიზიტი სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ, და ჩვენი მიზნის და ჩვენი საოცარი მეგობრების ერთგული ვრჩებით. ჩვენი მიზანია საქართველოს გასტრონომიულ სცენაზე ლიდერები გავხდეთ, შევქმნათ ყველასთვის საყვარელი ბრენდი და ადგილი, სადაც ახალი აღმოჩენებისთვის ისევ და ისევ ბრუნდები“, – ამბობს თინა.
პირველი, რასაც რესტორნის სტუმარი ამჩნევს, მენიუს მრავალფეროვნებაა – იაპონური რამენი, კორეული ფერმენტირებული კიმჩი, ტაივანური ფაფუკი ბაოები, პად ტაი და სხვა. „ჩვენი მენიუ ცოცხალი ორგანიზმივით არის – სეზონების და ინსპირაციების მიხედვით იცვლება, მუდმივად ახალი და საინტერესო კერძები ემატება “ – ამბობს თინა და აგრძელებს – „ჩემი პარტნიორი და „ფეფერბოის“ შეფი დეტალურად სწავლობს ყველა კერძის დამზადების ტრადიციული ხერხებს, მის წარმომავლობას და, მათზე დაყრდნობით, რეცეპტებს თანამედროვე ხედვით და უნიკალური გადაწყვეტებით ქმნის“.
კერძების ინგრედიენტების ნაწილი აზიიდან ჩამოდის, ნაწილს – ადგილობრივ ბაზარზე იძენენ, ორგანული სალათები და იშვიათი დასახელების აზიური მცენარეები კი თავად რესტორანში მოჰყავთ – „Spacefarms“-ის „Dots by Spacefarms“-ის მდგრად მოდულარულ ფერმაში.
გემრიელი კერძები რესტორნის ერთადერთი ღირსშესანიშნაობა არაა. სივრცე და ინტერიერის დიზაინი ასევე აღნიშვნის ღირსია. Pepperboy ორი, ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული სივრცისგან შედგება. შიდა სივრცე უფრო მონოლითურია, გარე სივრცე კი ბუნებასთან მეტადაა შერწყმული – აქ სტუმარს თბილისურ გარემოსთან ინტეგრირებული აზიური ელემენტები ხვდება.
რესტორნის სტუმრები, ასაკობრივად თუ საქმიანობის მხრივ, ერთმანეთისგან ძალზე განსხვავდებიან, მაგრამ ყველა მათგანზე ერთის თქმა შეიძლება – Pepperboy-ს სტუმრებს ახალი გემოების აღმოჩენა სურთ და, უმეტეს შემთხვევაში, დარწმუნებული არიან, რომ რესტორანი იმედს არ გაუცრუებთ.
„როცა ადამიანებისგან ვისმენთ, რომ ეს მათი საყვარელი ადგილი გახდა, ვხვდებით, რომ სწორ გზას ვადგავართ. შესაბამისად, უფრო მეტი შრომა და თავდადება აღარ გვეზარება. ცხადია, გაფართოებაზეც ვფიქრობთ. დაახლოებით ერთი წელია, რაც თიბისი ბანკთან ვთანამშრომლობთ. თიბისი და „აწარმოე საქართველოში“ ჩვენიბიზნეს პარტნიორები არიან. ჩვენი ბიზნესის იდეურ და გეოგრაფიულ გაფართოებაში მათი როლი გადამწყვეტი იქნება“.