Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის გადაიდო

თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა მესამედ გადავადდა და ახლა უკვე 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

პროექტის დასრულების გადავადების გადაწყვეტილება ტურიზმის განვითარების ფონდში რამდენჯერმე მიიღეს, თავდაპირველად კომპლექსი 2021 წელს უნდა გახსნილიყო, გასული წლის ინფორმაციით კი Paragraph Tabori პირველ სტუმრებს მიმდინარე წლის შემოდგომისთვის მიიღებდა. ბოლო ინფორმაციით, რომელსაც პარტნიორი კომპანიები Stilles -ი და „ანაგი“ ავრცელებენ, სასტუმრო 2024 წელს დასრულდება
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2023 წლის გაზაფხულის მონაცემებით კიდევ ერთხელ გაიზარდა და 139 მლნ დოლარს აჭარბებს. მაშინ როდესაც სასტუმროსა და გოლფ კლუბის კომპლექსის საწყისი ღირებულება 86 მლნ დოლარი იყო, 2022 წელს დაკორექტირებული ფინანსური მაჩვენებლებით კი პროექტის განხორციელებისთვის 128 მლნ დოლარი უნდა ჩადებულიყო.
თაბორის მთაზე სასტუმროს და გოლფ კლუბის პროექტის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. კომპლექსი 402 009 კვ/მ რეკრეაციული ზონას, ლანდშაფტთან შერწყმულ 9-ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნურ ტბას და ჩოგბურთის კორტებს, ასევე 177-ნომრიანი სასტუმრო, საცურაო აუზს, სპა ცენტრს, სავარჯიშო დარბაზს და რესტორანს მოიცავს.

აღნიშნული პროექტი საბაგირო საშუალებით სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თავისუფლების მოედანზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფ თბილისს“ დაუკავშირდება. პროექტის სრულად დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr) უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ 34-გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება.