ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა გასაჩივრებულია.
PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველ სესიაზე ავტომატურად მტკიცდება ეროვნული დელეგაციების უფლებამოსილება, თუ რომელიმე მათგანი გასაჩივრებული არაა. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა სადავო გახადა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), რასაც მხარი დაუჭირა 5 ქვეყნის დელეგაციიდან 30-მა წევრმა (რეგლამენტით გათვალისწინებული რაოდენობა). შესაბამისად, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის განხილვა მონიტორინგის და საპროცედურო კომიტეტებს გადაეცა, რომელთაც 24 საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ მოსაზრება.
შესაბამისად, ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს იმართება, მოგვიანებით გახდება ცნობილი, აღიარებული იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი დელეგაციის უფლებამოსილება.
„ოცნების“ წარდგენილ დელეგაციაში შედიან: თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი, გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი. PACE-ს სესიებზე ვერ დასწრების შემთხვევაში მათი შემცვლელები არიან: რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზვიად შალამბერიძე. საქართველოსთვის ასამბლეაში ვაკანტური რჩება ერთი წარმომადგენლის და ორი შემცვლელის ადგილი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით წარსადგენი კანდიდატურებისთვის.
შეგახსენებთ, რომ სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა, არ დაედასტურებინათ ასამბლეაში ერთპარტიული პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება.
ერთობლივ განცხადებას ხელს არ აწერს, თუმცა PACE-ს იმავე თხოვნით და ცალკე წერილით მიმართა გიორგი გახარიამაც. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეას მოუწოდა, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები, მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში, განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები და გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად.
