PACE-ს პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილს – ამ ორგანიზაციას შეუძლია გააკრიტიკოს თავისი წევრი ქვეყნები, როდესაც თვლის, რომ მის პრინციპებს საფრთხე ემუქრება

თქვენ გამოიყენეთ ორი სიტყვა – სტიგმატიზაცია და კრიტიკა. ნუ ავურევთ: ჩვენ არ ვახდენთ სტიგმატირებას, ჩვენ ვაკრიტიკებთ, – ასე უპასუხა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო და გარე აქტორების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სტიგმატიზებას ახდენენ.
„ყველამ ვიცით, რომ ამ ორგანიზაციას, რომელიც წელს 75 წლის იუბილეს აღნიშნავს, შეუძლია გააკრიტიკოს თავისი წევრი ქვეყნები, როდესაც ასამბლეა თვლის, რომ ჩვენ პრინციპებს საფრთხე ემუქრება“, – აღნიშნა თეოდოროს რუსოპულოსმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო და გარე აქტორების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სტიგმატიზებას ახდენენ.
„ის, რაც იწვევს ჩვენს იმედგაცრუებას, არის ამ კანონის სტიგმატიზაცია საერთაშორისო და გარე აქტორების მიერ. კანონს თავიდანვე ეწოდა რუსული. „რუსული კანონმდებლობა“ არის დისკრედიტაციის გამომწვევი პოლიტიკური მეტაფორა, რათა მოხდეს კანონმდებლობის სტიგმატიზაცია და საზოგადოების აღშფოთება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.