დღეს, 2 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე გადაუდებელი დებატები გაიმართა და ასამბლეამ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო საქართველოს შესახებ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს, დაიწყონ საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისო დავა ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.
სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საკითხებში PACE-ს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა კუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), გუსტავ გოტბერგი (შვედეთი, EPP), ქრისტოფ ბრიკო (მონაკო, EPP), ფრანკ შვაბე (გერმანია, სოციალისტურ-დემოკრატიული პარტია), პერან მუნი (დიდი ბრიტანეთის დელეგატი PACE-ში), ბარონესა სალ ბრინტონი (ბრიტანელი პოლიტიკოსი, ლიბერალ-დემოკრატები), ალბანა ვოკში (ალბანელი პოლიტიკოსი).
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აგრეთვე გმობს ფაქტს, რომ მისი მოწოდება არ იქნა გათვალისწინებული ინკლუზიური პროცესის დაწყების შესახებ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებისთვის შესაბამისი გარემოს ჩამოსაყალიბებლად.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ ახლა საქართველოში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საჯარო სამსახურის არსებობაც კი.
წაიკითხეთ ვრცლად რეზოლუციის პროექტის შესახებ ბმულზე.




