PACE-მ დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია საქართველოზე და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს, 2025 წლის 10 აპრილს საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო და, დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხთან ერთად, „პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“ მოითხოვა.
რეზოლუციაში წერია, რომ „ქართული ოცნების“ „დემოკრატიული უკუსვლა“ „ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუკი ისინი დაესწრებიან ასამბლეის სესიას სამომავლოდ“.
რეზოლუცია ადგენს არაერთ კრიტერიუმს, რომელთა შესრულება არის წინაპირობა „ქართული ოცნების“ დელეგაციის რწმუნებათა სიგელების ცნობისათვის. შესაბამისად, ძალაში რჩება წინა სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება რწმუნებათა სიგელების პირობებით ცნობასთან დაკავშირებით.
რეზოლუცია დამტკიცდა 89 ხმით 3 ხმის წინააღმდეგ.
„პოლიტპატიმრების გათავისუფლება“
ამასთან, ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის რამდენიმე შესწორებას, მათ შორის ერთ-ერთი შესწორებით, – რომელიც 87 ხმით დამტკიცდა, – ცხადად მიეთითება მოთხოვნა „ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების“ შესახებ.
კერძოდ, რეზოლუციაში წერია:
„რაც შეეხება [PACE-ს] მოწოდებას ხელისუფლებისადმი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო ს დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული პარლამენტის არჩევნების გამოცხადებას, – ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა“.
შესწორება #1633 რეზოლუციაზე/„ოცნების“ კომისიაზე
კიდევ ერთი შესწორებით, რომელიც ასევე 87 ხმით დაამტკიცეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს:
„შემაშფოთებელია, რომ PACE-ში საქართველოს დელეგაციის ყოფილი წევრები დაბარებულნი არიან გამოძიებაში და შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ #1633 რეზოლუციის შესახებ ხმის მიცემის გამო“.
საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი „შესასწავლი“ საკითხი არის 2008 წლის 2 ოქტომბერს PACE-ის მიერ მიღებული რეზოლუცია #1633-ი, რომელიც აგვისტოს ომს ეხება.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიაზე დაიბარეს გიორგი თარგამაძე, რომელიც იყო ერთ-ერთი, რომელმაც რეზოლუციას ხმა მისცა. ამჟამად ის ჟურნალისტია, ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანი.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ირწმუნება, PACE-ს რეზოლუციაზე ხელმოწერით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყება აღიარა, რეზოლუციის ტექსტში 7 აგვისტოსთან მიმართებით საუბარია არა ომის დაწყებაზე, არამედ – ესკალაციის ახალ ეტაპზე გადასვლაზე.
ასევე მითითებულია, რომ – „ის [ომი] წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც, თანდართული პროვოკაციებითა და შედეგად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე“.
ს დელეგაცია #1633 რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა.
საქართველოს დელეგაციიდან მას ხელი მოაწერეს პოლიტიკოსებმა: გიორგი თარგამაძემ, გიორგი (გოკა) გაბაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა და გიორგი კანდელაკმა.
ძირითადი აქცენტები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 89 ხმით დაამტკიცა რეზოლუციის სრული ტექსტი. ასამბლეის მხოლოდ 3 წევრი წავიდა წინააღმდეგ.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ქართული ოცნების“ „დემოკრატიული უკუსვლა“ – „ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, – თუკი ისინი დაესწრებიან ასამბლეის სესიას სამომავლოდ.
ამასთან, რეზოლუციის პროექტით, ასამბლეა აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა „დელეგაციის არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა“.
· ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს ქართული დელეგაციის წევრების „გადადგომის“ გამო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ასამბლეაში მონაწილეობა ვალდებულებაა და არა არჩევანი“;
· თუკი წინა რეზოლუციაში ასამბლეამ არაერთი საკითხი დასვა, რაშიც პროგრესის მიღწევას ელოდა აპრილისათვის, ახლა „დანანებით შენიშნავს, რომ სასწრაფო რეკომენდაციები არ შესრულებულა და ქვეყანაში ვითარების გაუარესება გაგრძელდა“;
· საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა არ განხორციელებულა; საარჩევნო კოდექსის ახალმა ცვლილებებმა მმართველ გუნდს მოუტანა უპირატესობა, ს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შესუსტდა და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნდობაზე დამყარებულ გარემოში ვერ ჩატარდება;
· ასამბლეა შეშფოთებულია დემონსტრანტების, ჟურნალისტების დევნის გამო, ასევე, სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშების გაყინვის გამო;
· ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტს, ეწვიოს საქართველოს სამუშაო ვიზიტით;
· აღნიშნავს „პოლიციის ძალადობის შემცირებას“, თუმცა შეშფოთებულია, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის ეპიზოდები სათანადოდ არ გამოუძიებიათ, რაც „დაუსჯელობის გარემოს“ ქმნის; განსაკუთრებით გმობს პოლიტიკოს ელენე ხოშტარიასადმი არაადამიანურ მოპყრობას;
· შეშფოთებას გამოხატავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების გამო, რაც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს;
· აღწერს მედიის თავისუფლების მიმართულებით ვითარების გაუარესებას და აკრიტიკებს ახალ შემზღუდავ კანონებს;
· ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების გათავისუფლებას;
· მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, რასაც ახასიათებს, როგორც კანონს, რომელსაც „აქვს იგივე მიზნები, რაც „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს, თუმცა შემოაქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
· ასამბლეა „გმობს“ პარლამენტში „2003-2012 წლების ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის“ საქმიანობას და კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეთათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
· ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ სურვილით, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალოს.
· დაბოლოს, ასამბლეა, რეზოლუციის პროექტის თანახმად, ამბობს, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობა და „ზოგადად, საქართველოში განგრძობადი დემოკრატიული უკუსვლა არ შეუწყობს ხელს საქართველოს დელეგაციის [წევრებისათვის] უფლებამოსილების ცნობას, – იმ შემთხვევისათვის, თუკი საქართველოს დელეგაციის წევრები სამომავლოდ დაესწრებიან ასამბლეის სესიის რომელიმე ნაწილს“.
მანამდე, 2025 წლის 29 იანვრის კენჭისყრაზე PACE-მ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვა:
· ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება;
· პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება;
· ამასთან, PACE-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება მხოლოდ შეზღუდული უფლებებით ცნო და 2025 წლის აპრილამდე „გამოსაცდელი ვადა“ მისცა.
პასუხად „ქართულმა ოცნებამ“ ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოდან დელეგაციის წევრები არც დარბაზში და არც ასამბლეაში დღეს არ ყოფილან.
ფორუმი