OSCE/ODIHR: შეშფოთებას გამოვთქვამთ “ოცნების” მიერ 4 მარტს დამტკიცებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს “ქართული ოცნების” მიერ 4 მარტს დამტკიცებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი კანონმდებლობა უარყოფითად აისახება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მკვეთრად ზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მონაწილეობას.

OSCE/ODIHR-ის განცხადებით, “ოცნების” მიერ მიღებული მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელები, ასევე ფართოდ და ბუნდოვნად განსაზღვრული ტერმინები თვითნებური აღსრულების რისკს ქმნის.

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს გაუარესების ფონზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 4 მარტს დამტკიცებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომლებიც სანქციებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და უცხოური დაფინანსების სხვა მიმღებებს, კრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებას და საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრას, კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას და კრიმინალიზაციას უწევს იმ საქმიანობას, რომელიც მთავრობის „დელეგიტიმაციად“ ითვლება.

ახალი კანონმდებლობა უარყოფითად აისახება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მკვეთრად ზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მონაწილეობას. კანონის ფართო მასშტაბმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ ცალკეულ ექსპერტებზე, კონსულტანტებზე ან მომსახურების მიმწოდებლებზეც.

მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელები, ასევე ფართოდ და ბუნდოვნად განსაზღვრული ტერმინები, როგორიცაა „მასობრივი დაუმორჩილებლობა“ ან „ექსტრემიზმი“, რომლებიც შეიძლება სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, არ შეესაბამება კანონის უზენაესობის სტანდარტებს სამართლებრივი დარწმუნებულობისა და პროგნოზირებადობის შესახებ და ქმნის თვითნებური აღსრულების რისკს. ნებისმიერი უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით, არაპროპორციული ზომაა, რომელიც ხელს შეუშლის მთავრობისთვის კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას.

ადრე, ODIHR-მა გააფრთხილა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს მათი საქმიანობა. 2025 წლის მარტში, ოფისმა ასევე გამოთქვა შეშფოთება დემონსტრაციებისა და შეკრების სხვა ფორმების რეგულირების ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გათვალისწინებული სანქციები ზედმეტად მკაცრია და შეუთავსებელია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.

ეუთოს ყველა სახელმწიფომ აღიარა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა აყვავებული და წარმატებული დემოკრატიისთვის. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ პატივს სცემენ პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლებას და უზრუნველყოფენ “გარანტიებს, რათა მათ შეძლონ ერთმანეთთან კონკურენცია თანაბარი მოპყრობის საფუძველზე”.

ოფისი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანონები შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს და ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებები იყოს დაცული,” – წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა – დამტკიცებული ცვლილებები ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებას კრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები და საკანონმდებლო ნორმები კიდევ უფრო მკაცრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ