ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) შეშფოთებას გამოთქვამს „ძალადობრივი პროტესტების გამო, რომელიც საქართველოს ბოლო ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა“.
ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გარემოს სწრაფი გაუარესების ფონზე, ODIHR მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს თავისი მნიშვნელოვანი სამუშაოს თავისუფლად და უსაფრთხოდ შესრულება.
„საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს კვლავ აკავებენ, ასამართლებენ და აჯარიმებენ საკუთარი უფლებების გამოყენებისთვის. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, შეასრულოს ეუთოს წინაშე ნაკისრი ადამიანის უფლებათა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები არ გახდნენ სამიზნე და რომ მათი ხმა ისმოდეს, რადგან მათი საქმიანობა გადამწყვეტია ძლიერი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“, — განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია თელალიანმა.
ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას ზღუდავს, ODIHR-ის შეფასებით, კვლავ აფერხებს გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს. ODIHR-მა გასულ წელს სამართლებრივ მიმოხილვაში აღნიშნა, ე.წ. „უცხოელი აგენტების კანონი“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის უნდა გაუქმდეს.
„საქართველომ იკისრა ვალდებულება, პატივი სცეს და დაიცვას შეკრების თავისუფლების უფლება თავისი საერთაშორისო და ეუთოს წინაშე ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ბოლო თვეების განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობისთვის დიდი ჯარიმების დაკისრებასთან ერთად, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. როგორც წესი, სამართალდამცავებმა თავი უნდა აარიდონ ძალის გამოყენებას საჯარო შეკრებების დროს და ხელი შეუწყონ მათ დიალოგისა და კომუნიკაციის გზით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ძალა გამოიყენება, ის ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისი, აუცილებელი და სიტუაციის საჭიროებების პროპორციული“, — ნათქვამია განცხადებაში.
ODIHR კვლავ გამოთქვამს მწუხარებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვევა არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები ხნით ადრე გაიცა, რამაც არ დატოვა საკმარისი დრო სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის, ODIHR-ის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.
„ამან ქვეყნის მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს წაართვა შესაძლებლობა, მიეღოთ მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი შეფასება. ეუთოს ყველა წევრმა სახელმწიფომ აღიარა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა დემოკრატიისთვის და იკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს საჭირო სივრცე შინაარსიანი და თანასწორი პოლიტიკური მონაწილეობისთვის. თავისი მანდატის შესაბამისად, ODIHR მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოსთან და დაეხმაროს ქვეყანას ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების კუთხით“, — ნათქვამია განცხადებაში.
