ODIHR-ი აკრიტიკებს საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ და განმარტავს, რა განასხვავებს მას ამერიკული FARA-სგან

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR-ი) აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მესამე მოსმენით მიღებით.
„საქართველოს ახალი კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“… აძლიერებს შეშფოთებას ახლახან მიღებულ სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად და აძლიერებს შეშფოთებას ამ კანონის უარყოფითი გავლენის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებაზე“, – წერია ODIHR-ის 2 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
„ეს კანონი ძლიერად აისახება სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე და ყველაზე, ვინც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე“, – თქვა ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა.
„სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის და ნებისმიერმა ახალმა მოთხოვნამ უნდა გააძლიეროს მათი მნიშვნელოვანი მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, არათუ შეზღუდვები დაუწესოს“, – განაცხადა მან,
ODIHR-ის შეფასებით, ახლად მიღებული კანონი მიზნად ისახავს, ჩაანაცვლოს გასულ წელს მიღებული „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის თანახმად, ეს კანონი „შეაფერხებს გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას“ და „სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების საქმიანობა“
ორგანიზაცია იმეორებს, რომ როგორც ODIHR-მა შარშან სამართლებრივ ანალიზში აღნიშნა, „-ის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, – რომელზეც საქართველოს ახალი კანონია მოდელირებული, – აქვს სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტისა მხოლოდ იმის გამო, რომ უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას.
ODIHR-ის თანახმად, FARA სინამდვილეში მოტივირებულია, უზრუნველყოს, რომ აგენტებად დარეგისტრირდნენ „კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში უცხოური ძალების სახელით“, რათა ეს ინფორმაცია საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი.
„კანონმდებლობის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანას ყოველთვის სიფრთხილით უნდა მივუდგეთ და ეს განხილული უნდა იყოს უფრო ფართო ეროვნული ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს კონტექსტში“, – აცხადებს ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი.
ODIHR-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გადახედოს ამ საკანონმდებლო ინიციატივის იმპლემენტაციას“. ოდირი ასევე წერს, რომ ის მზადაა, „დაეხმაროს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში, ამ სფეროში სამართლებრივი მიმოხილვისა და კონსულტაციის სხვადასხვა ფორმის მეშვეობით, რაც ეფუძნება მრავალწლიან გამოცდილებას“.
„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო მესამე და საბოლოო მოსმენით და ამავე პარტიის არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა იმავე დღეს მოაწერა ხელი.
იგი ძალაში შედის მე-60 დღეს, რაც 2025 წლის 30 მაისი გამოდის.
2 აპრილსვე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ერთობლივ განცხადებით გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“.
„მსგავსი ქმედებები შეუთავსებელია ევროკავშირის დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და მედიის პლურალიზმის ღირებულებებთან და შორს არის იმ სტანდარტებისგან, რომლებსაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველით“, – აცხადებენ ისინი.