აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დასახელებული მილიარდერი, კომპანიების X, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი შეხვდა გაეროში ირანის ელჩს, ამირ საიდ ირავანის, ირანსა და აშშ-ის შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით – იუწყება გამოცემა New York Times-ი 14 ნოემბერს.
გამოცემა ანონიმურად დატოვებულ ირანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა “პოზიტიური” იყო.
New York Times-ის თანახმად, შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართა გასაიდუმლოებულ ადგილას და ის ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სააგენტო AFP წერს, რომ შეხვედრა ჯერჯერობით არც ტრამპის გუნდს და არც გაეროში ირანის მისიას არ დაუდასტურებიათ.
თუ დადასტურდება, ეს შეხვედრა იქნება ადრეული ნიშანი, რომ ტრამპი სერიოზულად ეკიდება ირანთან დიპლომატიას. ამავე დროს, ეს შეხვედრა აჩვენებს მასკის გავლენას ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში.
ფორუმი