ისრაელის სამხედროებმა 7 ოქტომბრამდე ერთ წელზე უფრო მეტი ხნის წინ იცოდნენ, რომ „ჰამასი“ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინებოდა პარასკევს.
გამოცემის თანახმად, ისრაელის ხელისუფლებას მოეპოვებოდა 40-გვერდიანი საბრძოლო გეგმა კოდური დასახელებით „იერიქონის კედელი“, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი „ჰამასის“ ჰიპოთეზური თავდასხმა ისრაელის სამხრეთ ნაწილზე.
არ არის ნათელი, როგორ მოიპოვა ისრაელმა ეს დოკუმენტი, მაგრამ New York Times-ის სტატიიდან ჩანს, რომ ის ებრაულად არის თარგმნილი, სავარაუდოდ – არაბულიდან. როგორც Associated Press-ი იუწყება, ტექსტი შესაძლოა უშუალოდ „ჰამასისგან“ ჩაიგდეს ხელთ.
ისრაელის სამხედროებმა უარი თქვეს New York Times-ის ინფორმაციის კომენტირებაზე და განაცხადეს, რომ ისინი „ამჟამად კონცენტრირებულ არიან ტერორისტული ორგანიზაცია ‘ჰამასის’ მხრიდან საფრთხის თავიდან აცილებაზე“.
ამერიკული გამოცემის თანახმად, საიდუმლო დოკუმენტი ისრაელის არმიისა და სპეცსამსახურების მრავალმა წარმომადგენელმა ნახა, თუმცა არ არის ცხადი, იცოდა თუ არა მის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ან ისრაელის ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის პირებმა.
დოკუმენტში ლაპარაკია იმაზე, რომ „ჰამასი“ რაკეტებით დაბომბავდა ისრაელს და დრონებით მწყობრიდან გამოიყვანდა მის სათვალთვალო და სადაზვერვო შესაძლებლობებს ღაზის საზღვართან.
New York Times-ის სტატიის მიხედვით, ისრაელის წარმომადგენლებმა „ჰამასის“ საბრძოლ გეგმას არასათანადო ყურადღება დაუთმეს და ის მიიჩნიეს უფრო „ამბიციურად“, ვიდრე გეგმად, რომლის პრაქტიკულ განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი.
New York Times-ის სტატია გამოქვეყნდა ნეთანიაჰუს მიმართ ისრაელის მოსახლეობის კრიტიკის ფონზე. მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ვერ შეძლო თავდასხმის თავიდან აცილება მიუხედავად იმისა, რომ მას წინ უძღოდა მრავალრიცხოვანი გამაფრთხილებელი სიგნალები.
ნეთანიაჰუ უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ბრალეულობა ომის დასრულების შემდეგ იქნება გამოძიებული. როგორც Associated Press-ი შენიშნავს, ნეთანიაჰუს კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის ცდილობს, აირიდოს პასუხისმგებლობა დაზვერვის სერიოზული შეცდომებისთვის, რასაც მოჰყვა ყველაზე სისხლიანი დღე ისრაელის ისტორიაში.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასის” მიერ მართულ ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.