აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ თეთრმა სახლმა ამ საკითხზე სასწრაფო მოლაპარაკებები მოკავშირეებთან უკვე დაიწყო. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დასალეთის ქვეყნებმა რუსული აქტივების გაყინვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოკუპანტი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, აშშ-ის სენატში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელსაც ჯო ბაიდენისთვის უნდა მიეცა უფლება, ჩამოერთვას რუსეთს სუვერენული აქტივები და გადასცეს ისინი კიევს უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისთვის. მაშინ არსებობდა ეჭვები აშშ-სა და ევროკავშირის ადმინისტრაციებში ასეთი ნაბიჯის სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით, რამაც დასავლელ მოკავშირეებს შორის გეგმის შეთანხმება გაართულა.