Novaya Gazeta Europe წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული საავადმყოფოს მორგშია.
გამოცემას წყარომ განუცხადა, რომ პოლიტიკოსის ცხედარი საავადმყოფოში 16 თებერვალს საღამოს გადაასვენეს, ექსპერტიზა ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული. გარდა ამისა, წყარო იტყობინება, რომ ცხედარზე კრუნჩხვისას და გულის არაპირდაპირი მასაჟისას გაჩენილი ჩალურჯებები შეიმჩნევა.
როგორც Novaya Gazeta-ს ჟურნალისტებს წყარომ განუცხადა, რომ 17 თებერვლის საღამოს სალეხარდის აეროპორტში ორი დაუგეგმავი რეისი დაეშვა.
“პირველი თვითმფრინავი საღამოს 6 საათზე დაეშვა, მას საგამოძიებო კომიტეტის მანქანები დახვდნენ. მეორე კი საათნახევრის შემდეგ ჩამოვიდა”.
გამოცემა ვარაუდობს, რომ ექსპერტები, შესაძლოა, მეორე სპეცრეისით ჩასულიყვნენ გაკვეთის ჩასატარებლად.
17 თებერვალს ნავალნის თანამოაზრეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პოლიტიკოსის ცხედარი დედას არ გადასცა – უცნობი რჩებოდა მისი ადგილსამყოფელიც.
იმავე დღეს ოპოზიციონერის პრესსპიკერის, კირა იარმიში დაწერა, რომ კოლონიის მტკიცების მიუხედავად, ნავალნის დედას შვილის ცხედარი სალეხარდის მორგში არ დახვდა.
მოგვიანებით, იარიშმა თქვა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა “გადამოწმების დასრულებამდე” ცხედრის ოჯახის წევრებისთვის გადაცემაზე უარი განაცხადა. OVD-Info-ს სისხლის სამართლის საქმეების კოორდინატორის, ევა ლევენბერგის თქმით, შემოწმებას შეიძლება 30 დღემდე დასჭირდეს, ამასთან, განმარტა, რომ ცხედრის დაბრუნდება შესაძლებელია აღარ მოხერხდეს:
“შემოწმების გარდა, მიმდინარეობს საქმის გამოძიება და მის ფარგლებში ცხედრის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ შემოწმების განმახორციელებელი ორგანო იღებს”.
დღეს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორმა, ივან ჟდანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნის დედას შვილის გარდაცვალების მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს.
Meduza წერს, რომ რუსეთში სიკვდილის ყველა ოფიციალური მიზეზი და დიაგნოზი უნდა ემთხვეოდეს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციას. მასში არ არის “უეცარი სიკვდილის სინდრომი” – შესაბამისად, ნავალნის გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ გასარკვევია.