Nissan-ი 9 000 თანამშრომელს დაითხოვს და წარმოებას შეამცირებს

იაპონური ავტომწარმოებელი Nissan Motor-ი სამუშაო ძალას 9 000-ით შეამცირებს, გლობალურ წარმოებას კი – 20%-ით – ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა და განმარტა, რომ, ჩინეთსა და -ში გაყიდვების ჩავარდნის შემდეგ, ავტომწარმოებელი მიმდინარე ფისკალურ წელს $2.6 მილიარდის დაზოგვას შეეცდება.
აღნიშნული გეგმა აჩვენებს, რომ იაპონიის რიგით მესამე უმსხვილესი ავტომწარმოებელი 2018 წელს მომხდარი არეულობის შემდეგ სრულად ვერ რეაბილიტირდა – მაშინ კომპანიის თავმჯდომარე, კარლოს გოსნი გადადგა, Renault SA-სთან დაგეგმილი პარტნიორობა კი გაუქმდა.
Nissan-მა წელს, უკვე მეორედ, წლიური მოგების პროგნოზი 70%-ით, 150 მილიარდ იენამდე ($975 მლნ) შეამცირა. როგორც სხვა ავტომწარმოებლები, Nissan-ი დიდ რყევებს ჩინეთის ბაზარზე განიცდის, სადაც BYD-მა და სხვა ადგილობრივმა ავტომწარმოებლებმა, იაფი ელექტრომობილებითა და ჰიბრიდებით, ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დაიკავეს.
თუმცა იაპონური კომპანიისთვის მთავარი პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარია, სადაც Nissan-ის ჰიბრიდული ავტომობილები არ იყიდება, განსხვავებით კონკურენტი Toyota-სგან, რომელიც საწვავზე მომუშავე ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებს. Nissan-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაკოტო უჩიდა მედიასთან აცხადებს, რომ კომპანიამ აშშ-ში ჰიბრიდებზე მოთხოვნის ზრდა სათანადოდ ვერ შეაფასა: “წინასწარ ვერ დავინახეთ, რომ ჰიბრიდებზე მოთხოვნა ასეთი სწრაფი ტემპით გაიზრდებოდა”.
ხარჯების დაზოგვის მიზნით, გლობალურ სამუშაო ძალას Nissan-ი 6.7%-ით შეამცირებს. ამჟამად კომპანია 133 580 ადამიანს ასაქმებს. ამასთან, კომპანიის CEO-მ განაცხადა, რომ ყოველთვიური ხელფასის 50%-ს საკუთარი ნებით თმობს, ისევე როგორც აღმასრულებელი კომიტეტის სხვა წევრები.
ამასთან, Nissan-ი თავისი აქციების 10%-ის გაყიდვას, $445 მილიონის მოზიდვის მიზნით გეგმავს.
ფინანსური წლის პირველ ნახევარში Nissan-ის გლობალური გაყიდვები 3.8%-ით, 1.59 მილიონ ერთეულამდე შემცირდა – 14.3%-იანი შემცირება ჩინეთის ბაზარზე მოდის.