არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და საქართველოს ევროპული ორბიტის დამფუძნებელი ნინო ლომჯარია პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობასა და მოქალაქეებისთვის არაპროპორციული ჯარიმების დაკისრებაზე საუბრობენ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ აღნიშნეს, რომ პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სისტემური პოლიტიკის აღსრულებაში კოორდინირებულად მოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლოები და ქართული ოცნების პარლამენტი.
მათივე თქმით, ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მისი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის შესუსტება, აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაა.
“აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ და სასამართლოებმა ინტენსიურად დაიწყეს დეკემბერში ქართული ოცნების პარლამენტის მიერ 5 დღეში მიღებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ბლანკეტური აკრძალვების გამოყენება, ასევე, მათი დარღვევისთვის 10-ჯერ და 20-ჯერ გაზრდილი მძიმე ფინანსური ჯარიმების და 15 დღემდე პატიმრობების გამოყენება.
პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს ღობეზე სტიკერების გაკვრის, ან სახის ნაწილის დაფარვის გამო (მაშინაც, კი, როდესაც პროტესტის მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან). ასევე, დემონსტრანტებს მასიურად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით “უკანონოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება – მოქალაქეები დგანან ხალხის მასაში, ან მონაწილეობენ მასიურ სახალხო მსვლელობებში.