არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროტესტის სამი მონაწილის, გიორგი ახობაძის, ნიკოლოზ კაციასა და ანტონ ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლეს.
სამივე მათგანი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის (იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ყველა ამ საქმეში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პირების მიმართ ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების ჩადებას, რაც აქციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯის მიზანს ემსახურებოდა.
მათი თქმით, აღნიშნული საქმეების შესწავლით აშკარად ჩანს, რომ მმართველი პარტიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავი უწყებების მიზანია არა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ სამართლიანი სამოქალაქო პროტესტის ჩახშობა და სამოქალაქო აქტივისტების დევნა მათ მიმართ ნარკოტიკების შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით ფალსიფიცირებული სისხლის სამართლის საქმეების შეკერვის გზით.
“ასევე მიზანი საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია, პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ შურისძიება და საზოგადოების დაშინებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს არაერთი საქმე აქვს წაგებული სწორედ ნარკოტიკების „ჩადების“ გამო და ამ პრობლემის გადაწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც შეეცადა, ეს მავნე ტრადიცია გრძელდება ზუსტად ისეთი ფორმებით, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში აქვს წესად დანერგილი სამართალდამცავ ორგანოებს”- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ორგანიზაციების თქმით, მათ მიერ შესწავლილ სამ სისხლის სამართლის საქმეს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვს:
1. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს სამოქალაქო საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე პირების მიმართ. აღნიშნულის მიზანი აქტივისტების დაშინებასთან ერთად, საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციაცაა, რაზეც მმართველი პარტიისა და მათი პროპაგანდისტული არხებიც მიუთითებს.
2. გამოძიება სამივე შემთხვევაში დაწყებულია ე.წ. „კონფიდენციალური წყაროს“ მიერ მოწოდებული „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე, რომლის სანდოობისა და რეალურობის შემოწმება არ ხდება. ამ წყაროს სანდოობას ადასტურებს მხოლოდ პოლიციელის ჩვენება, რომლის მტკიცებულებად გამოყენება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, დაუშვებელია;
3. სამივე პირის პირის პირადი ჩხრეკა, ასევე, საცხოვრებელი სახლის, ავტომანქანის თუ სხვა მფლობელობის ჩხრეკა სამივე შემთხვევაში ჩატარებულია არა სასამართლოს წინასწარი თანხმობით, არამედ ე.წ. “გადაუდებელი აუცილებლობის” საფუძვლით, გამომძიებლის დადგენილებით, სადაც არაა დასაბუთებული რატომ იყო საჭირო გადაუდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ყველა ასეთი გადაუდებელი ჩხრეკა სასამართლოს მიერ კანონიერად არის ცნობილი. როგორც ჩანს, პოლიციის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო ყოველთვის კანონიერად მიიჩნევს მათ მიერ ჩატარებულ მოქმედებას, მიუხედავად იმისა ჩხრეკა ჩატარებულია კანონიერად თუ კანონის დარღვევით;
5. სამივე ბრალდებულის ჩხრეკა ჩატარებულია მოწმეების დასწრების გარეშე, რაც ობიექტურ დამკვირვებელს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაში ვერ დაარწმუნებს. ნიშანდობლივია, რომ ახობაძისა და კაციას შემთხვევაში ნეიტრალური მოწმეები – ერთ შემთხვევაში ბრალდებულის თანამგზავრი და მეორე შემთხვევაში ტაქსის მძღოლი იმყოფებოდნენ ბრალდებულებთან ერთად, თუმცა პოლიციამ ისინი ჩხრეკას არ დაასწრეს;
6. სამივე ბრალდებულის ჩხრეკა ჩატარებულია ვიდეოჩაწერის ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე. ვიდეოჩანაწერის არსებობა იქნებოდა მნიშვნელოვანი და ნამდვილი მტკიცებულება იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალება ნამდვილად ბრალდებულებს ჰქონდათ.
7. სასამართლო კონტროლი ჩხრეკა-ამოღების პროცესზე უკიდურესად ფორმალურ და არაეფექტიან ხასიათს ატარებს. სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების კანონიერად ცნობის თაობაზე გამოაქვს ზეპირი მოსმენის გარეშე, ყველა საეჭვო გარემოების უგულებელყოფით, მხარეთა მონაწილეობის გარეშე, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფით;
8. არც ერთ საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის პირდაპირი მოთხოვნის მიუხედავად, მას არ ჩაუტარა გამოძიებამ ნარკოლოგიური შემოწმება;
9. საქმეებში საგამოძიებო ორგანოების მიერ დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობები ისეთი მტკიცებულებების მოპოვების შესახებ, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეებზე ჭეშმარიტების დასადგენად და ბრალდებულების უფლებების დასაცავად;
10. როგორც პროტესტის სხვა მონაწილეების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ამ საქმეებშიც არ იქნა ჯეროვნად დასაბუთებული არც პროკურორის და არც სასამართლოს მიერ.
NGO-ები ასევე აქვეყნებენ მათ სიას, ვინც მათი თქმით, პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გამოგონილი და ყალბი ბრალდების საქმეების შეკერვის გამო
