NGO-ები: „რუსულ კანონს არ დავემორჩილებით!“

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ ერთობლივი განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე დემონსტრაციის მონაწილეებს სცენიდან გააცნეს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ განაცხადეს, რომ „რუსული კანონი საქართველოში არ იმუშავებს“.
„55 დღის წინ ხელისუფლებამ გატეხა ქართველი ხახლისთვის მიცემული სიტყვა და ხელახლა დააინიციირა რუსული კანონი. მას უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მიიღო უპრეცედენტო ერთიანობა და დაუღალავი წინააღმდეგობა. ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს და დაიცავს საკუთარ ევროპულ მომავალს და არასოდეს შეეგუება რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრებას. რუსული კანონი ჩვენ ქვეყანაში არ იმუშავებს! ის დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დავემორჩილებით!
ხელისუფლებამ გაცნობიერებულად შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას. ეს გააკეთეს განზრახ, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთის დახმარება აღარ შეგვძლებოდა. მაგრამ ჩვენ 55 დღეა ვამტკიცებთ, რომ ქვეყნის სიყვარულში ხალხი არ იღლება. ჩვენი პროტესტი და ბრძოლა გაგრძელდება ამ კანონის გაუქმებამდე!“ – წერია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას.

„მათ სცადეს ჩვენი დაშინება სპეცრაზმით, ცემითა და გინებით, დაკავებებით და უკანონო ჯარიმებით, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ არაფერს შეუძლია ჩვენი შეჩერება იმ მართალ საქმეში, რასაც ხალხის დახმარება ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს – ჩვენ დავეხმარებით ხალხს და ერთმანეთს და არ დავემორჩილებით რუსულ კანონს!

ჩვენ არავის დავტოვებთ მარტოს, ჩვენ დავიცავთ ყველა დაკავებულს და ყველა დაჯარიმებულს. ჩვენი იურისტები იბრძოლებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენ შევაგროვებთ ფულს, რომ ერთმანეთს გადავუხადოთ ჯარიმები, რაც საქართველოს სიყვარულისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის დაგვაკისრეს“, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.
სამოქალაქო საზოგადოების წევრები არ აპირებენ „აგენტების კანონს“ დაემორჩილონ. ამავე დროს, გეგმავენ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდენ.

„ჩვენს ბრძოლას ხედავს და მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული მსოფლიო. რუსული კანონის მიღებით საფრთხე ექმნება არჩევნებზე დაკვირვებას, მაგრამ ჩვენ, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები გპირდებით, რომ დავიცავთ არჩევნებს და თითოეული მოქალაქის ხმას. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ყველა საარჩევნო უბანში და დავაკვირდებით, რომ დავიცვათ თავისუფალი და სამართლიანი !

ეს საქართველოა! ჩვენ არ გავრუსდებით! ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ და არა ერთხელ აღაფრთოვანებს მთელ მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლით.

ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას – არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
28 მაისს, საღამოს 7 საათისთვის, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა, მხარდამჭერი არავინ ყოფილა. კანონპროექტს, რომელიც მანამდე სამი მოსმენით იყო მიღებული, მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ოთხი.
„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე არაერთხელ ითქვა, რომ კანონი ააცდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით