არასამთავრობო ორგანიზაციები ვეტინგთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრების განცხადებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ “სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ხოლო საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი”.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების მოხსნა თავად ხელისუფლებისა და მოსამართლეების ინტერესში უნდა იყოს.
NGO-ები მოუწოდებენ ხელისუფლებას, აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯით გათვალისწინებული პირობების რეალური შესრულება.
“ევროკომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გადამოწმდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების საკითხი.
დღეს სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების და მათ მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებელი ქონების ფლობის შესახებ საფუძვლიანი კითხვები არსებობს. ასევე, საგულისხმოა, რომ რამდენიმე გავლენიანი მოსამართლე სანქცირებულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.
ვფიქრობთ, პირველ რიგში, ხელისუფლების და თავად მოსამართლეების ინტერესი უნდა იყოს საზოგადოებაში არსებული ყველა კითხვის მოხსნა, რომლებიც მართლმსაჯულების პრობლემებსა და მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას ეხება. ჩვენთვის გაურკვეველია, თუ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს.
წამყვან პოზიციებზე დანიშნული მოსამართლეების და კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის მიზანი მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა და ევროკავშირში გაწევრებაა. შესაბამისად, ხელისუფლება ამ საკითხის დახურვით, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ევროინტეგრაციის პროცესს რისკის ქვეშ აყენებს.
სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირების კეთილსინდისიერების შემოწმება საზოგადოებისთვის ვერ დაკარგავს აქტუალობას იქამდე, ვიდრე არ მიიღწევა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანი.
ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯით გათვალისწინებული პირობების რეალური შესრულება”- ნათქვამია განცხადებაში.