არასამთვრობო ორგანიზაციები 19 ნოემბერს, მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
მათი განცხადებით, სასამართლო არ აძლევს ადვოკატებს შესაძლებლობას, “ჯეროვნად განახორციელონ მათი მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებს არ ეძლევათ მათი სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისა და სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა”.
“არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები იცავენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი შეკრების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ინტერესებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაკავებულები სასამართლოში დღეს სამუშაო საათების მიწურულს, 18:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანეს. აღნიშნულის თაობაზე ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებულები გონივრული ვადით ადრე.
ამ დროისთვის საქმეებს რამდენიმე მოსამართლე პარალელურად იხილავს. მოსამართლეები მიზანმიმართულად არ აკმაყოფილებენ ადვოკატების შუამდგომლობებს საქმის მასალების გასაცნობად და დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად გონივრული ვადით სხდომების გადადებასთან დაკავშირებით. რამდენიმე შემთხვევაში პროცესი გადაიდო მხოლოდ 10 ან 30 წუთით და ამ დროში მხარეებს დაევალათ ვიდეო მტკიცებულებებისა და მოწმეთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.
მიგვაჩნია, რომ სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არ აძლევს ადვოკატებს შესაძლებლობას ჯეროვნად განახორციელონ მათი მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებს არ ეძლევათ მათი სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისა და სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა.
მოვუწოდებთ სასამართლოს, მისცეს ადვოკატებსა და მხარეებს საქმის მასალების სრულად გაცნობის და ახალი მტკიცებულებების მოძიებისთვის საჭირო დრო და ორგანიზებულად წარიმართოს წინამდებარე საქმეების განხილვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულ ერთ-ერთ აქტივისტს ისაკო დევიძეს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, გარდა ამისა, აქტივისტი ირაკლი ანდღულაძე 2 700 ლარით დააჯარიმა.