NGO-ები ფერაძეზე: მოვუწოდებთ სააპელაციოს, გადახედოს საქალაქოს მიერ დადგენილ სახდელს

არასამთავრობო ორგანიზაციები აქტივისტ ნატა ფერაძის დაპატიმრებას ეხმაურებიან და მოუწოდებენ სააპელაციო სასამართლოს, გადახედოს საქალაქოს მიერ დადგენილ სახდელს.
NGO-ები აღნიშნავენ, რომ გამოყენებული სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს”, – წერენ ისინი.
ასევე, მიმართავენ სააპელაციოს, იხელმძღვანელოს მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით და ადამიანის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან ადამიანის უფლებათა ცენტრი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, თბილისი პრაიდი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს სასამართლო გუშაგი და სხვები.
დღეს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რასაც საია სააპელაციოში გაასაჩივრებს.
გამოძიება ფერაძეს ადმინისტრაციული წესით ედავებოდა. ფერაძემ 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.