მსოფლიოში საკვები პროდუქტების ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა Nestlé-მ 63 წლის გენერალური დირექტორი, ლორან ფრექსი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც პაპარაცებმა ფრექსი საკუთარ თანამშრომელთან რომანტიკულ ურთიერთობაში გამოიჭირეს.
ამის შესახებ Nestlé-მ 1 სექტემბერს პრესრელიზით განაცხადა და გამნმარტა, რომ ლორან ფრექსმა კომპანიის შინაგანი წესი უხეშად დაარღვია.
“ღირებულებები და კორპორაციული მართვა ჩვენი კომპანიის მყარი საფუძველია,“ – განაცხადა Nestlé-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პოლ ბულკემ.
გათავისუფლებულ ხელმძღვანელს კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის კომპენსაცია არ მიუღია. ფრექსის დათხოვნა ზუსტად ერთი წლის თავზე მოხდა, მას შემდეგ, რაც მან შვეიცარიულ კორპორაციას – KitKat-ის, Nescafé-სა და Nesquik-ის მწარმოებელს – სათავეში ჩაუდგა.
Reuters-ის ცნობით, შესაძლო ურთიერთობაზე პირველი ეჭვები გაზაფხულზე გაჩნდა კომპანიის შიდა ცხელი ხაზის მეშვეობით. სამეთვალყურეო საბჭომ მაშინვე დაიწყო გამოძიება, თუმცა პირველ ეტაპზე ინფორმაცია ვერ დადასტურდა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ფრექსი თავდაპირველად უარყოფდა რომანტიკული კავშირის არსებობას საბჭოს წინაშე.
Nestlé-ს ახალი გენერალური დირექტორი გახდა 48 წლის ფილიპ ნავრატილი, კომპანიის ვეტერანი, რომელიც ბოლოს Nespresso-ს განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ნავრატილი Nestlé-ში 2001 წლიდან მუშაობს და კარიერის განმავლობაში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკაში.
