NDI საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისიას იწყებს

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო სთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო.
NDI-ის თანახმად, მათი გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი ხუთი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი თანაშემწეებისგან შედგება.
NDI-ის ცნობით, გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 22 ივლისის კვირაში ჩამოვიდნენ და საქართველოში ნოემბრის ჩათვლით დარჩებიან.
„გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატურ საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიასა და საინფორმაციო გარემოს, აგრეთვე გენდერისა და ინკლუზიის საკითხებს. გუნდი ასევე შეხვდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედიის წარმომადგენლებს“, – ნათქვამია NDI-ის განცხადებაში.
NDI-ის თანახმად, აღნიშნული მისია არის მათი წინასაარჩევნო შეფასების მისიის გაგრძელება და წარმოადგენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ორგანიზებული ფართო საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო პროგრამის ნაწილს.
მათივე ცნობით, მომავალი თვეების განმავლობაში NDI აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესების გაძლიერებაში და რეკომენდაციების შემუშავებისას გრძელვადიანი ანალიტიკოსების მიგნებებს დაეყრდნობა.
„NDI-ის გრძელვადიანი შეფასების მისია საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს“, – ნათქვამია NDI-ის განცხადებაში.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიც (IRI).

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ, არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება

სოფო ჯაფარიძე – მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება არჩევნებში – ეს იქნება ჩვენი ქვეყნის შემობრუნება აღმშენებლობისკენ, განვითარებისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ