ამერიკული ორგანიზაციები, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI), რომელთაც ერთობლივი სადამკვირვებლო მისია ჰქონდათ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პირველად შეფასებას ავრცელებენ.
27 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, ორგანიზაციებმა ბრიფინგი გამართეს თბილისში.
IRI-ის პრეზიდენტმა დენ თვაინინგმა განაცხადა, რომ 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობამ უპრეცედენტო პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებები განახორციელა, რაც ზღუდავს პოლიტიკურ კონკურენციას. „ამგვარი მანიპულაციები ქმნის არათანაბარ სივრცეს პოლიტიკური სუბიექტებისთვის არჩევნებამდე“.
მარგარეტა სიდერფელდმა, დელეგაციის წევრმა, – რომელიც შვედეთის პარლამენტის წევრია, – ხაზი გაუსვა წინასაარჩევნო პერიოდში მიღებულ შემზღუდავ კანონებს:
„უნდა აღინიშნოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა. არასამთავრობო ორგანიზაციების უწყვეტი შევიწროების და დაშინების რისკის წინაშე დგანან მთავრობისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან… კენჭისყრის დღის სიახლოვეს მმართველმა გუნდმა გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსები. რათა გაეძლიერებინა კამპანია და შეემცირებინა ამომრჩეველთა აქტივობა, გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ნათელი იყო მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე“.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბევრ წარმომადგენელს: „იყო დაშინება, რომ თუკი ადგილობრივი მოსახლეობა არ მისცემდა მმართველ პარტიას ხმას, მათ სოციალურ დახმარებას შეუწყვეტდნენ“.„უნდა აღინიშნოს ცესკოს შემადგენლობის საკითხი და ასევე, ოპოზიციის მიერ ნომინირებული თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის გაუქმება. ეს ცვლილებები ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის კუთხით საარჩევნო კომისიებში. ამ მიზეზების გამო საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ ძალიან დაბალია“, – განაცხადა სიდერფელმდა.
დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, ჯონ შიმკუსმა (ყოფილი კონგრესმენი), განაცხადა, რომ ამჟამინდელი რეგულაციების ფონი უზრუნველყოფს არათანაბარ საარჩევნო გარემოს და დიდ სტრუქტურულ ბარიერებს ქმნის ზოგადად ძალიან კონკურენტული არჩევნებისთვის.
„წინასაარჩევნო პერიოდში ოცნების ნარატივი იყო, რომ გამოიყენებდნენ ხმების დათვლის ახალ ტექნოლოგიებს, რათა ყველაფერი გარკვეული ყოფილიყო ყველა ამომრჩეველი აღრიცხული ყოფილიყო. ძირითადად კამპანია იყო მიმართული უმცირესობით დასახლებულ რეგიონებზე, სოფლად, რათა მომხდარიყო მათზე ზეწოლა“, – თქვა მან.
მან ჩამოთვალა არჩევნების წინა პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე:
„დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი შემთხვევა იმისა, როცა ამომრჩეველთა პირადობის მოწმობები იყო მოგროვებული „ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა; ამან ხელი შეუწყო ხმების მოსყიდვის სქემის განვითარებას, შექმნა შიშით დატვირთული გარემო, რამაც შემდეგ გამოხმაურება პოვა NGO-ების ანგარიშებში“.
მისი განცხადებით, IRI-ს დამკვირვებლები იყვნენ 260 უბანზე 44 მუნიციპალიტეტში.
„მთლიანობაში არჩევნები ტექნიკურად გამართულად ჩატარდა. ახალი ტექნოლოგიები ისე მუშაობდა, როგორც განზრახული იყო, თუმცა მცირე პრობლემები იქნა დაფიქსირებული ბიულეტენების დასკანერებისას“, – განაცხადა შიმკუსმა.
„იყო კითხვის ნიშნები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, სისტემური ზეწოლა, დათრგუნვა, ამან შექმნა შიშის გარემო. იზოლირებული ინციდენტები იყო ხმების მოსყიდვის, განმეორებით ხმის მიცემის, ძალადობის, მარკირების შეუმოწმებლობა… დათვლის დროს ვითარება მშვიდი იყო, წინასწარი შედეგების გადაცემა მოხერხდა. საოლქოების დონეზეც პროცედურების თანახმად ჩატარდა“, – განაცხადა მან.
მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბოლოო შეფასება უნდა მოხდეს მომავალში, მანამდე კი ცესკოს მოუწოდეს, რომ შესული 337 საჩივარი განიხილოს სამართლიანად და გამჭვირვალედ.
NDI-ისა და IRI-ის შეფასებამდე, საკუთარი შეფასებები გაავრცელა „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპულმა ქსელმა“ (ENEMO-მ). იგი აცხადებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ და შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და სამართლიანობას.
წყარო: რადიო თავისუფლება