“NATO-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს”. – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს გაწევრიანების დაბლოკვით, გერმანიამ და საფრანგეთმა “მისცეს გარკვეული შესაძლებლობა რუსეთს, აგრესია განეხორციელებინა”.
“პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ თქვა, რომ 2008 წელს ბუქარესტში იმით, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს საქართველოს მიღება ნატოში, მისცეს გარკვეული შესაძლებლობა რუსეთს იმისთვის, რომ აგრესია განეხორციელებინა, ამიტომ, ალბათ, NATO-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს […] ჩვენ არ გვინდა პირობები, ჩვენ გვინდა გადაწყვეტილებები. უკვე 16 წელია ამ ღია კარში ვდგავართ და როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რაც დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები, როდესაც ზედმეტად დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება, ამ ორპირ ქარში გაცივდეს ადამიანი. ამიტომ, ამაზე უნდა იფიქრონ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა”. – თქვა პაპუაშვილმა.
გუშინ, 11 ივლისს ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა თქვა, რომ 2008 წლის NATO-ს ჩანაწერი “გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი, რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ძალადობის და რეალურად ომის პროცესების დასაწყისის”.
“არაერთი შეფასებით, დიახაც, სწორედ რომ 2008 წლის NATO-ს ჩანაწერით და იმ პირობებში, როდესაც ნატოს შემადგენლობაში საქართველო ვერ იქნა შეყვანილი და სამწუხაროდ, განსაკუთრებული მოწყვლადობა ჰქონდა ქვეყანას, გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და რეალურად ომის პროცესების დასაწყისის”. – თქვა წილოსანმა.
