NATO-ს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გაზრდილი რუსული საფრთხის გამო თავდაცვის ბიუჯეტისთვის მშპ-ს 2%-ის გამოყოფის ნიშნულის გაზრდას უჭერენ მხარს. როგორც ცნობილია, ამის შესახებ დისკუსიები ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე გაიმართება, რომელიც 9-დან 11 ივლისამდე გრძელდება.
„ჩვენ დავინახეთ წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ტიპის ვალდებულებისკენ ჰააგის სამიტზე. ჩვენ გვინდა, რომ ეს ნიშნული ავიდეს 2.5 ან 3%-მდე” – თქვა ესტონეთის თავდაცვის პოლიტიკის მდივნის მოადგილემ ტუული დუნეტონმა გამოცემა Semafor-თან საუბრისას.
დუნეტონის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ლიდერების უმეტესობა ამტკიცებს, ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგში თავდაცვის ბიუჯეტის ნიშნულის გაზრდა არ დგას, უფრო და უფრო მეტი თავდაცვის მინისტრი საუბრობს, რომ 2% საკმარისი არ არის.
ესტონეთი ალიანსის მეორე სახელმწიფოა თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ს წილის მიხედვით და წლების განმავლობაში მოუწოდებს სხვა წევრებს, გაზარდონ თავდაცვის დაფინანსება. მშპ-ს დათქმულ 2%-იან ნიშნულს პირველად 2024 წელს NATO-ს 32 წევრი სახელმწიფოდან 23-მა მიაღწია.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ასევე მოუწოდა ალიანსის წევრ ქვეყნებს თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ს 3% გამოყონ. თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე ასევე საჯაროდ ისაუბრეს დიდი ბრიტანეთის და ლატვიის ოფიციალურმა პირებმა. თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხმა წინ წამოიწია მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების დებატებისას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის ნებას დართავს რუსეთს, რაც უნდა ის გაუკეთოს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც თავდაცვის ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ.