NATO-ს სამიტზე ჩვენ მივიღებთ ისტორიულ ტრანსფორმაციულ გადაწყვეტილებებს, რათა ჩვენი ხალხი უფრო დაცული იყოს უფრო ძლიერი, სამართლიანი და ლეტალური NATO-ს საშუალებით – მარკ რუტე
ამ სამიტზე ჩვენ მივიღებთ ისტორიულ ტრანსფორმაციულ გადაწყვეტილებებს, რათა ჩვენი ხალხი უკეთ დაცული იყოს უფრო ძლიერი, სამართლიანი და ლეტალური NATO-ს საშუალებით, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსი საშიში მომენტის წინაშე იმყოფება.
„ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი ერთი მილიარდი მოქალაქისთვის საშიში მომენტის წინაშე. მოწინააღმდეგეები ცდილობენ, ჩვენში განხეთქილება შემოიტანონ და გამოწვევა შეგვიქმნან. ახლო აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობს, ტერორიზმი წარმომადგენს მუდმივ საფრთხეს და ახალი ტექნოლოგიები, შესაძლებლობასთან ერთად, უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. ამ ყველაფრის წინაშე ჩვენ ერთად ვდგავართ NATO-ში, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსში. ისტორიამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის თანამშრომლობა არის მომგებიანი კომბინაცია. ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ეს იციან. ჩვენი ურყევი ერთგულება მეხუთე მუხლისადმი, რომ ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას, არის ძლიერი გზავნილი. ამ შეხვედრაზე ჩვენ მივიღებთ ისტორიულ ტრანსფორმაციულ გადაწყვეტილებებს, რათა ჩვენი ხალხი უკეთ დაცული იყოს უფრო ძლიერი, სამართლიანი და ლეტალური NATO-ს საშუალებით. ნატო რომ უფრო გავაძლიეროთ, გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ ყველა მოკავშირემ თავდაცვაზე მშპ-ის 5% დახარჯოს. ეს თანხა დაიხარჯება ძირითად თავდაცვაზე, ასევე თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინვესტიციებზე. ეს, ასევე, NATO-ს გახდის უფრო სამართლიანს, რათა უზრუნველყოს, რომ ყველას შეაქვს თავისი სამართლიანი წილი ჩვენს უსაფრთხოებაში. ზედმეტად დიდხანს მოკავშირე აშშ ატარებდა ამ ვალდებულების ზედმეტად დიდ ტვირთს და ეს დღეს იცვლება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, ეს ცვლილება შესაძლებელი აშშ-ის პრეზიდენტმა გახადა.
„პრეზიდენტო ტრამპ, ძვირფასო დონალდ, თქვენ გახადეთ ეს ცვლილება შესაძლებელი. ამ საკითხში თქვენმა ლიდერობამ უკვე მოიტანა 2016 წლიდან ევროპელი მოკავშირეებისგან ერთი ტრილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი ხარჯი და დღევანდელი გადაწყვეტილება მოიტანს კიდევ ტრილიონებს ჩვენი საერთო თავდაცვსთვის, რათა ალიანსი გახდეს უფრო ძლიერი და სამართლიანი ამერიკასა და მის მოკავშირეებს შორის ხარჯების გათანაბრებით“, – განაცხადა მარკ რუტემ სხდომის გახსნისას.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ ალიანსი დღეს შეთანხმდება თავდაცვის წარმოების გაზრდაზე, რათა არსებულ ძალებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ. მისი თქმით, ეს სარგებელს მოიტანს როგორც უსაფრთხოებისთვის, ისე ეკონომიკისთვის.
მარკ რუტეს განცხადებით, სამიტზე მისაღები გადაწყვეტილებები ასევე მოიცავს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვას.
„ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს სისხლისღვრა შეწყდეს. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – თქვა მარკ რუტემ.
პირველი არხი
