MTV წყვეტს მაუწყებლობას ევროპის ქვეყნების უმეტესობაში

ლეგენდარული მუსიკალური არხი MTV წყვეტს მაუწყებლობას ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთსა და უნგრეთში.
გადაწყვეტილება მიღებულია მაყურებლის კონტიგენტის მკვეთრი ცვლილების ფონზე. საქმე ისაა, რომ მუსიკამ და ვიდეოკლიპებმა თანდათან ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა, განსაკუთრებით YouTube-ის და TikTok-ის პლატფორმებზე.
არხის მფლობელი კომპანია Paramount Global 2025 წლის ბოლოს დახურავს მის შემადგებლობაში მყოფ შემდეგ არხებს: MTV Music, MTV 80s, MTV 90s, Club MTV და MTV Live.
MTV-ის მთავარი არხი (MTV HD) ეთერში დარჩება, თუმცა მთლიანად შეცვლის კონცეფციას, მუსიკალური შინაარსის ნაცვლად, მაყურებელი მიიღებს რეალითი შოუებსა და გასართობ ფორმატებს.
ექსპერტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სიმბოლურად ასახავს ეპოქის დასასრულს, იმ დროისა, როცა MTV განსაზღვრავდა გლობალური მუსიკალური კულტურის ტენდენციებს და იყო მთელი თაობების სიმბოლო.
MTV პირველად გავიდა ეთერში 1981 წლის 1 აგვისტოს, დაარსებული იყო მედია მენეჯერების ჯგუფის მიერ: Mark Booth, Tom Freston, Judy McGrath, Robert (Bob) Pittman, Fred Seibert და John Sykes.
პირველი ვიდეოკლიპი, რომელიც ეთერში გავიდა, იყო Video Killed the Radio Star ჯგუფის The Buggles-ის შესრულებით. სიმბოლურად, არხმა სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო მუსიკალური ტელევიზიის ახალი ეპოქა.