„ემ თი ეის” მიერ გაწეული სამზადისი არაჩვეულებრივია,- ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა კლაუს ვალდნერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელმა კვალიფიკაციებმა კარგად ჩაიარა.
„ემ თი ეის” მიერ გაწეული სამზადისი არაჩვეულებრივია. თოვლის საფარი მშვენიერია. იანვრის დასაწყისიდან ნალექმა მოგვცა შესაძლებლობა, ტრასის მშენებლობა დაგვეწყო. საშეჯიბრო არეალი მართლაც რომ არაჩვეულებრივია და ასეთივე იყო გასულ წელს. გუნდის მუშაობას, ძალიან კარგად ვაფასებ. დღევანდელმა კვალიფიკაციებმა კარგად ჩაიარა და დარწმუნებული ვარ, ხვალისთვის არაჩვეულებრივი სანახაობა გველის”,- აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორმა.
10-11 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება.
საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი იასპარეზებს.
შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.
2024 წლის დასკვნითი ღონისძიება ბაკურიანში, დიდველის არეალში გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორი კომპანიებია: „ბორჯომი“,“თი ბი სი“ „რედკო“, და „სილქნეტი“.