სამოგზაურო ინტერნეტის მიმწოდებელმა ოპერატორმა MobineX-მა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე შექმნილი ასისტენტი დანერგა.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, მარიამ კაკაბაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ახალი ფუნქციონალი ხელმისაწვდომია როგორც ვებგვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში და მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად მორგებული პაკეტების სწრაფად შეთავაზებას.
„მომხმარებელს სისტემაში უბრალოდ შეჰყავს ქვეყანა და მგზავრობის ხანგრძლივობა – ჩვენი AI ასისტენტი კი ყველაზე რელევანტურ და მოგზაურისთვის საჭირო ინტერნეტპაკეტებს ავტომატურად აგენერირებს. ეს ამარტივებს პროცესს და დროს ზოგავს“, – ამბობს კაკაბაძე.
მისი განმარტებით, AI ტექნოლოგიის დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სერვისის ოპერატიულობა მაღალი მომართვიანობის პერიოდშიც: „AI ასისტენტი წამის მეასედში აგროვებს მომხმარებლის საჭირო ინფორმაციას და ამუშავებს მას ისე, რომ მხარდაჭერის გუნდს უკვე მზად აქვს ტექნიკური დეტალები. შედეგად, ჩვენი ოპერატორები მყისიერად ეხმარებიან მომხმარებლებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი სერვისის ეფექტიანობას“, – თქვა მან.
მარიამ კაკაბაძის თქმით, MobineX-ისთვის ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას და კომპანიის ოპერაციული პროცესების დახვეწას.
