MMA-ის მებრძოლი ლიანა ჯოჯუა ამბობს, რომ მამამისს, ე.წ. კანონიერ ქურდ გელა ჯოჯუას თბილისში იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს.
ლიანა ჯოჯუას წერს, რომ მამამისს, თურქეთში 4-წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს და თბილისის აეროპორტში თითქმის ერთი კვირა ჰყავდათ დაკავებული.
„იძულებულს მხდიდნენ, ამეღო ბილეთები სხვადასხვა ქვეყანაში რომ წამეყვანა. რამდენიმე ცდისა და აეროპორტში ცხოვრების შემდეგ, იგი დააპატიმრეს. 9 თვის განმავლობაში იყო ძალიან დიდი ზეწოლა, რომ მას შეეცვალა გვარი და დაეტოვებინა საქართველო, რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა. დაემუქრნენ ჯერ იარაღის და შემდეგ ნარკოტიკების ჩადებით, რომ დაალპობდნენ ციხეში. 9-თვიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ, მოსამართლეს მიმართა ბოლო სიტყვით, რომ მას დაიჭერდნენ გასვლისთანავე იარაღის ან ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით, ამიტომ ჯობდა, სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებით დამატებით 6 თვე დაეკავებინათ. მოსამართლე ჯინჯოლიამ იგი მაინც გაათავისუფლა და 5 დღეში დანაპირები აუსრულეს: იარაღი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოკაინი ისე გაუფორმეს, რომ თვალითაც არ უნახავს“, — წერს ლიანა ჯოჯუა.
მისი თქმით, დავა სამართლებრივ სივრცეში გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად “გელა თბილისკი”, იგივე გელა ჯოჯუა 23 დეკემბერს დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ ტარება) და 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა/გადაზიდვა) მუხლებით მიმდინარეობს.
ქურდული სამყაროს წევრობის, ნარკოტიკების ტარებისა და სხვადასხვა დანაშაულებისთვის გელა ჯოჯუა არაერთხელ არის დაკავებული როგორც საქართველოში, ასევე რუსეთსა და უკრაინაში.