Microsoft-მა განაცხადა AI სისტემის შექმნის შესახებ, რომელიც რთული დიაგნოზების დასმისას ექიმებზე უკეთ მუშაობს

Microsoft-მა განაცხადა ხელოვნური ინტელექტის სისტემის შექმნის შესახებ, რომელიც რთული დიაგნოზების დასმისას ექიმებზე უკეთ მუშაობს და ხსნის „გზას სამედიცინო სუპერინტელექტისკენ“.კომპანიის AI განყოფილება, რომელსაც ბრიტანელი ტექნოლოგიური პიონერი მუსტაფა სულეიმანი ხელმძღვანელობს, შექმნილი აქვს სისტემა, რომელიც ექსპერტ ექიმთა ჯგუფის იმიტაციას აკეთებს. ეს ჯგუფი კი „დიაგნოსტიკურად რთულ“ შემთხვევებზე მუშაობს.
Microsoft-ის განცხადებით, OpenAI-ის მოწინავე o3 მოდელთან შეთავსებით, ამ სისტემამ შერჩეული 10 დიაგნოსტიკური შემთხვევიდან 8-ზე მეტი გადაჭრა.
როცა იგივე შემთხვევები პრაქტიკოსი ექიმების მიერ შემოწმდა — რომელთაც არ ჰქონდათ წვდომა კოლეგებთან, სახელმძღვანელოებთან ან ჩატბოტებთან — სიზუსტის მაჩვენებელი 10-დან მხოლოდ 2 შემთხვევაში იყო.
Microsoft-მა ასევე აღნიშნა, რომ ეს სისტემა უფრო იაფი ალტერნატივაა ექიმებთან შედარებით, რადგან უფრო ეფექტიანად ადგენს საჭირო ანალიზებს და კვლევებს.
ხარჯების შემცირების პოტენციალის მიუხედავად, კომპანიამ განაცხადა, რომ AI ადამიან ექიმებს არ ჩაანაცვლებს, არამედ მათ საქმიანობას შეავსებს.

„ექიმების კლინიკური როლი ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ დიაგნოზის დასმა. მათ სჭირდებათ გაურკვევლობის მართვა და ნდობის ჩამოყალიბება პაციენტებთან და მათ ოჯახებთან — ისეთის, რასაც AI ჯერ ვერ შეძლებს,“ — აცხადებს კომპანია.
Microsoft AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Guardian-თან განაცხადა, რომ სისტემა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სრულყოფილად იმუშავებს.

„ზუსტად ჩანს, რომ ჩვენ ვდგავართ გზაზე, სადაც ეს სისტემები მომდევნო 5-10 წელიწადში თითქმის უშეცდომო გახდება. ეს ჯანდაცვის მსოფლიო სისტემებისთვის უდიდესი შვება იქნება,“ — აღნიშნა მან.

კომპანიაში ამბობენ, რომ აზროვნების მასშტაბირებასა და მის კიდევ უფრო განვითარებას აქვს პოტენციალი, ძირეულად შეცვალოს ჯანდაცვა. AI შეიძლება დაეხმაროს პაციენტებს რუტინული მკურნალობის თვითმართვაში და ასევე მისცეს ექიმებს გადაწყვეტილების მიღების მაღალი დონის მხარდაჭერა რთულ შემთხვევებში.
თუმცა Microsoft აღიარებს, რომ მათი სისტემა ჯერ კლინიკურ გამოყენებისთვის მზად არ არის. მაგალითად, საჭიროა დამატებითი ტესტირება მისი მუშაობის შესაფასებლად უფრო გავრცელებული სიმპტომების შემთხვევაში.